პოლონელმა ევროპარლამენტარმა კრჟიშტოფ ბრეიძემ „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გავრცელებული კადრების საფუძველზე საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა. საუბარია ვიზუალურ მასალაზე, რომელიც, ევროპარლამენტარის მტკიცებით, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების „ბრუტალურ დარბევას“ ასახავს.

თუმცა, როგორც პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადეს, გავრცელებული კადრები 2022 წელს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ამ საქმეზე გამოძიება დიდი ხანია დასრულებულია და პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც გადაცდომა ჩაიდინეს, უკვე დაკავებულნი არიან.

უწყებების განმარტებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ კადრები არ არის ახალი და საქმეზე სამართლებრივი რეაგირება უკვე მოხდა. მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის განზრახ არ მიუწოდებიათ.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ ჟურნალისტებს, რომლებმაც ეს ანონსი მოამზადეს, ფლობდნენ ინფორმაციას ფაქტის დროის შესახებ. თუმცა, მათ ეს დეტალი შეგნებულად გამოტოვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციის მცდელობას ემსახურება“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძეს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ეპიზოდი 2022 წელს მომხდარ დანაშაულს ეხება, რაზეც სამი პოლიციელი უკვე პასუხისგებაშია მიცემული. აღსანიშნავია, რომ ამ პირების დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიამ ჯერ კიდევ 23 თებერვალს გაავრცელა, თუმცა მიმდინარე სიუჟეტში ეს ფაქტი არ ასახულა.

თავის მხრივ, ევროპარლამენტარი კრჟიშტოფ ბრეიძე აცხადებს, რომ „საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს“ და მოითხოვს დამატებითი სანქციების დაწესებას როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე იმ თანამდებობის პირების მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, რეპრესიებზე არიან პასუხისმგებელნი.