საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. მისი თქმით, ბრიუსელი უვიზო მიმოსვლას პოლიტიკური ზეწოლის იარაღად იყენებს, რაც საერთაშორისო შეთანხმებების უხეში დარღვევაა.

პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს, რაც უვიზო რეჟიმთან არანაირ კავშირში არ უნდა იყოს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი მოთხოვნები ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა

სპიკერის განმარტებით, დაძაბულობა განსაკუთრებით დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზების დაწესებას უკავშირდება. პაპუაშვილის შეფასებით, ეს ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების პირდაპირი დარღვევაა.

„ევროკავშირი საქართველოს მიმართ საერთაშორისო სამართლის დამრღვევია, რაც თავისთავად დიდი სირცხვილია, თუმცა ვხედავთ, რომ ბრიუსელში სირცხვილის გრძნობა აღარ არსებობს“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ევროპულმა მხარემ დაშვებული დარღვევა გააცნობიერა, მათ საქართველოსთვის დამატებითი, პოლიტიკური ხასიათის კრიტერიუმები შეიმუშავეს. ეს კრიტერიუმები, პაპუაშვილის თქმით, არასდროს არსებობდა უვიზო მიმოსვლის სისტემაში.

„სანქციები თუ უვიზო მიმოსვლა“

პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის განადგურების ფასად პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობს. პაპუაშვილმა ირონიულად აღნიშნა, რომ თუ ქვეყანა საკუთარ თავს დააზიანებს, უვიზო რეჟიმით სარგებლობას აზრი დაეკარგება.

„ახლა ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ზოგჯერ გვეუბნებიან, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა დავაწესოთ, ანუ თავი მოვიკლათ, თუ უვიზო მიმოსვლა გვინდა. თუ თავი მოვიკალით და დავიხოცეთ, ვინ შეძლებს უვიზოდ მგზავრობას ევროკავშირში?!“ — აღნიშნა პაპუაშვილმა.

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული ეს „არასრულწლოვანი პოლიტიკა“ უკვე იწვევს სკეპტიციზმს საერთაშორისო პარტნიორებშიც. მან მაგალითად დაასახელა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს დამოკიდებულება ევროკავშირის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის, კაია კალასის მიმართ, რომელიც, პაპუაშვილის თქმით, შეხვედრის ღირსადაც კი არ მიაჩნიათ.