საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიუსელის მიერ საქართველოს მიმართ გატარებულ პოლიტიკაზე „იმედი Live“-ის ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლის საკითხი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტად იქცა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენელთა მიზანია, უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული შეზღუდვებით საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვიონ და ამ გზით „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დააბრუნონ.

„ცივილიზაციური უფსკრული“

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ამჟამინდელ პოლიტიკას „ცივილიზაციური უფსკრული“ უწოდა. მისი თქმით, ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობის პროექტად ჩამოყალიბდა, დღეს სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენება.

„როგორც ჩანს, ვიღაცამ ბრიუსელში ჩათვალა, რომ უვიზო მიმოსვლა იქნებოდა კარგი იარაღი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რათა გაამწარონ ხალხი და ასე მაინც დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

დიპლომატიური პასპორტები და საერთაშორისო სამართალი

პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებულ სავიზო შეზღუდვებზე. მისი მტკიცებით, ევროკავშირმა 2010 წლის შეთანხმება დაარღვია, როდესაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი თვითნებურად შემოიღო.

„არანაირი საფუძველი ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ არსებობდა. ორგანიზაციამ, რომელიც რუსეთს საერთაშორისო სამართლის დარღვევას ედავება, თავად უხეშად დაარღვია შეთანხმება პოლიტიკური მიზნებისთვის“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირმა მოგვიანებით სცადა საკუთარი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია და სპეციალურად საქართველოსთვის გამოიგონა ახალი წესები, რომლებიც მანამდე არ არსებობდა.

სუვერენიტეტი და „მარწყვის“ პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა სუვერენიტეტის საკითხზე საუბრისას სომხეთის მაგალითი მოიყვანა და განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი პოლიტიკა გარე კარნახის გარეშე აწარმოოს.

„როდესაც ამბობენ, რომ სომხეთის დამოუკიდებლობა არ იცვლება მარწყვზე, ოპოზიცია აღტკინებულია, მაგრამ როდესაც იგივე დამოკიდებულება ისმის საქართველოში, ისინი იბნევიან. ეს ამხელს მათ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპელი პარტნიორების მოთხოვნა რუსეთთან დაკავშირებით სანქციების დაწესების შესახებ, ფაქტობრივად, ქვეყნის ეკონომიკური განადგურების მოთხოვნას უტოლდება.