ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების ადგილზე, სადაც უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, სადარბაზოს დროებითი გამაგრება უკვე განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები განაგრძობენ მუშაობას.

კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღების შემდეგ, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები გაგრძელდება. მისივე თქმით, უწყება შემთხვევის ადგილზე უკვე მეხუთე დღეა იმყოფება და მუდმივ რეჟიმში კომუნიკაციას ამყარებს იმ მოსახლეობასთან, რომლებიც დროებით სასტუმროებში გადაიყვანეს.

„მეხუთე დღეა ვიმყოფებით შემთხვევის ადგილას. 24-საათიანი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან, რომელიც სასტუმროშია გადაყვანილი. სადარბაზოს გაუკეთდა დროებითი შემაგრება და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომ შემდეგი სამუშაოები გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ლაშა ცაგურიამ.

ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას ადგილობრივები პატივს მიაგებენ. ცნობილია დაკრძალვის დეტალებიც: აფეთქების შედეგად გარდაცვლილ ნინო ჭელიძესა და მის 7 წლის შვილს ხვალ, სამშაბათს დაკრძალავენ, ხოლო ჯაბა საყევარაშვილს დაკრძალვის ცერემონია ხუთშაბათს გაიმართება.