ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დილის მონაცემებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. მისი თქმით, ექიმები სტაბილურობის შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა პაციენტის მდგომარეობაში გაუმჯობესება არ შეინიშნება.
„დღეს დილისთვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და უცვლელად რჩება, კვლავ იმყოფება მართვით სუნთქვაზე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაში, სტაბილურობას ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
ცნობილია, რომ 31 წლის მამაკაცს სხვადასხვა სახის დაზიანებებთან ერთად, სხეულის 87%-ის დამწვრობა აღენიშნება. შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.







დისკუსია
0 კომენტარი