თბილისში, ფილარმონიის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ. აქციის მთავარი მოთხოვნა პოლიციის მხრიდან ძალადობის აღკვეთა და დაუსჯელობის სინდრომის დასრულებაა.
საპროტესტო ტალღა „ტვ პირველის“ ეთერში გასულმა კადრებმა გამოიწვია. მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ახორციელებენ სამართალდამცველები ძალადობას პოლიციის განყოფილებაში მყოფ მოქალაქეებზე.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ბანერები, რომლებზეც მკაცრი პოლიტიკური გზავნილებია დატანილი: „სისტემა უნდა დაინგრეს“, „სისხლიანი 14 წელი“ და „როცა პოლიცია ძალადობს, ვის მივმართოთ?!“.
მსვლელობის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალადობა სისტემურ ხასიათს ატარებს და საჭიროა მყისიერი რეაგირება, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს.
საპროტესტო აქცია, რომელიც ტრადიციულ შაბათის მარშად იქცა, საზოგადოების მაღალ ინტერესს იწვევს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ გაჩერდებიან მანამ, სანამ ძალადობის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირები არ დაისჯებიან.
სამართალდამცავი სისტემის მიმართ ნდობის კრიზისი დღევანდელი აქციის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მოქალაქეები საჯაროდ ითხოვენ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც გავრცელებულმა კადრებმა წარმოშვა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.