„პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გამარჯვებამ საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი არეულობა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღო, ღამის განმავლობაში სიტუაცია უკონტროლო გახდა.

უპრეცედენტო მობილიზაცია და შედეგები

საფრანგეთის მასშტაბით წესრიგის დასაცავად 22 000-მდე პოლიციელი იყო მობილიზებული, აქედან 8 000 მხოლოდ პარიზში. მიუხედავად ამისა, აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა სხვადასხვა ლოკაციაზე სამართალდამცველებთან დაპირისპირება სცადეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ 416 პირი დააკავეს. მხოლოდ პარიზში დაკავებულთა რაოდენობა 283-ს აღწევს. არეულობის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს, ნაგვის კონტეინერებს და დააზიანეს მაღაზიების ვიტრინები.

დაშავებულები და ზიანი

შეტაკებების შედეგად შვიდი პოლიციელი დაშავდა. განსაკუთრებით მძიმეა აჟენში მომხდარი ინციდენტი, სადაც ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო. არეულობა სულ მცირე 15 ქალაქში დაფიქსირდა, სადაც მაღაზიების ძარცვისა და მოროდიორობის ფაქტებიც გამოვლინდა.

პარიზის მე-8 ოლქში აგრესიულმა ჯგუფმა პოლიციის განყოფილებაზე იერიშის მიტანაც სცადა. გარდა ამისა, დაზიანდა ექვსი ავტომობილი და არაერთი კომერციული ობიექტი, მათ შორის საცხობები და რესტორნები.