რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი ლა-მანშის სრუტეში შევიდა. ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა ძალებმა გასულ კვირას გემი Smyrtos-ი დააკავეს.

გემი Forwarder, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავს, გასულ კვირას პრიმორსკის პორტიდან დაიძრა. გემების მონიტორინგის მონაცემებით, მან არხი ოთხშაბათს საღამოს გადაკვეთა და სამხრეთის მიმართულებით გააგრძელა გეზი. როგორც ცნობილია, ტანკერის დანიშნულების პუნქტად ჩინეთის პორტი დონგიინგია მითითებული.

აღსანიშნავია, რომ Smyrtos-ის ინციდენტის შემდეგ, სანქცირებული რუსული გემები ლა-მანშის გავლისგან თავს იკავებდნენ. სატელიტური მონაცემები აჩვენებდა, რომ მრავალი გემი მარშრუტს იცვლიდა, რათა ბრიტანეთის წყლებისთვის აერიდებინა თავი.

მიუხედავად ამისა, ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ხომალდი HMS Tyne ამჟამად იმავე რაიონში იმყოფება, სადაც რუსული ტანკერი გადაადგილდება. Forwarder-ი დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ 2025 წელს იქნა სანქცირებული. რუსეთმა, დასავლური სანქციების გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტისთვის, ასობით მოძველებული ტანკერისგან შემდგარი „ჩრდილოვანი ფლოტი“ შექმნა.

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მონაცემებით, სწორედ ეს ფლოტი უზრუნველყოფს რუსული სანქცირებული ნავთობის 75%-ის ტრანსპორტირებას. ამ გემების მეშვეობით კრემლი უკრაინაში ომის დაფინანსებას და ეკონომიკის შენარჩუნებას ცდილობს.

ნატოს ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსულ სამხედრო ხომალდ „ადმირალ გრიგოროვიჩს“ სანქცირებული ტანკერების ესკორტირება აქვს დავალებული. თუმცა, უცნობია, თან ახლავს თუ არა ეს ფრეგატი Forwarder-ს. ცნობილია, რომ „ადმირალმა გრიგოროვიჩმა“ სამშაბათს გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა ბრიტანული იახტის მიმართულებით, რომელიც მას ძალიან მიუახლოვდა.

ექსპერტების შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი ბრიტანეთი ან საფრანგეთი Forwarder-ის დაკავებას შეეცადოს. განსხვავებით Smyrtos-ისგან, რომელიც რეგისტრაციის გარეშე დაცურავდა, Forwarder-ი რუსეთის დროშის ქვეშაა და მას იურიდიული სტატუსი გააჩნია. ანალიტიკოსების თქმით, რუსული დროშის მქონე გემის დაკავება პირდაპირ კონფრონტაციას ნიშნავს, რასაც დასავლეთის ქვეყნები ჯერჯერობით არ მიმართავენ.