ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა. რუტეს განცხადებით, კრემლის ლიდერს ადრე თუ გვიან მოუწევს პასუხის გაცემა მთავარ კითხვაზე — სურს თუ არა მას რეალურად უკრაინასთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩართვა.
რუტემ ხაზი გაუსვა, რომ სამშვიდობო პროცესის ინიცირებისთვის აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ჯარედ კუშნერი, მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი აქტიურად მუშაობენ. ნატოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პუტინის პოზიცია ჯერ კიდევ გაურკვეველია და ალიანსი არ უნდა იყოს გულუბრყვილო მოსკოვის განზრახვებთან დაკავშირებით.
გენერალურმა მდივანმა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობაც შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთი ომს უპრეცედენტო რესურსებს ახმარს. „რუსეთის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ მათ თავდაცვის სფეროზე სახელმწიფო ბიუჯეტის 48% დახარჯეს, რაც საგადასახადო შემოსავლების დაახლოებით 75%-ს შეადგენს“, — განაცხადა რუტემ.
მისი თქმით, ეს ციფრები აჩვენებს რუსული ეკონომიკის მძიმე მდგომარეობას, რომელსაც იგი ბელგიისა და ნიდერლანდების ეკონომიკებს შეადარა. რუტეს განცხადებით, მოსკოვს კარგად ესმის ნატოს სამხედრო და პოლიტიკური ძალა.
„მათ იციან, რომ ჩვენ, როგორც ნატო, ძალიან ძლიერები ვართ და იციან, რომ ვერ დაგვამარცხებენ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ეს გააცნობიერონ: ეს იქნება მათი ყველაზე დიდი შეცდომა, თუ ამის გაკეთებას შეეცდებიან“, — აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
პარალელურად, რუტემ აღნიშნა, რომ მოკავშირეების მთავარი პრიორიტეტი უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება რჩება, რათა კიევმა პოზიციები მოლაპარაკებების მაგიდასთან მაქსიმალურად გაიმყაროს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.