საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო სექტორის განვითარების ახალ ხედვას აჟღერებს. მისი თქმით, მთავრობის მთავარი მიზანი მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა კი არა, არამედ ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების ჩამოყალიბებაა.
„ჩვენი წარმატების მთავარი ინდიკატორი იქნება ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანები გახდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“, — განაცხადა სოხაძემ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.
ცვლილებები სატენდერო პირობებში
მინისტრის განმარტებით, მთავრობა აქტიურად მუშაობს სექტორის გასაძლიერებლად. სატენდერო პირობების ცვლილებამ ქართულ კომპანიებს პირველად მისცა შესაძლებლობა, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულიყვნენ. ამის ნათელი მაგალითია თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, სადაც ქართული კონსორციუმები ტენდერში მონაწილეობისთვის გაერთიანდნენ.
სახელმწიფო წახალისება და ხარისხის სტანდარტები
მთავრობა გეგმავს სპეციალურ შეღავათებსა და შესაძლებლობებს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებს განახორციელებენ. სოხაძის თქმით, წახალისების სისტემა ორიენტირებული იქნება შედეგზე: დროულად და მაღალი ხარისხით შესრულებულ სამუშაოებზე.
სახელმწიფოს ამოცანაა, ქართულ ბიზნესს შეუქმნას პირობები ზრდისთვის, ახალი ტექნიკის შეძენისთვის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად.
მინისტრი ხაზს უსვამს გამჭვირვალობის მნიშვნელობას. მისი თქმით, თითოეული ლარი, რომელიც ბიუჯეტიდან იხარჯება, მოქალაქეების ფულია და მას მაქსიმალური პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ. სოხაძე კატეგორიულია ხარისხის საკითხში და აცხადებს, რომ სახელმწიფო უხარისხო ინფრასტრუქტურულ სამუშაოს არ ჩაიბარებს.
მუდმივი დიალოგი ბიზნესთან
სამინისტრო კერძო სექტორთან აქტიურ კომუნიკაციას ინარჩუნებს. მინისტრის განცხადებით, მიდგომები და ხარისხის სტანდარტები შეიცვალა, რამაც შესაძლოა პროცესების დროში გახანგრძლივება გამოიწვიოს, თუმცა ხარისხი კომპრომისს არ ექვემდებარება.
„სახელმწიფო და ბიზნესი ამ პროცესს ერთად გადიან და საბოლოო მიზანიც საერთო გვაქვს — ქვეყნისთვის თანამედროვე, მდგრადი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნა“, — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.