საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის ახალ სისტემას ნერგავს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განმარტა, რომ ცვლილებები სექტორის გაჯანსაღებასა და გზების მოვლა-შენახვის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

რეფორმის ფარგლებში შეიქმნება ახალი სახელმწიფო შპს, რომლის მთავარი ფუნქცია არა მშენებლობა, არამედ განსაკუთრებულად რთული საინჟინრო ობიექტების ოპერატიული მართვა და მონიტორინგი იქნება. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის, მათ შორის გერმანიისა და ესპანეთის გამოცდილების შესწავლის შემდეგ მიიღეს.

მხოლოდ 105 კილომეტრი

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, არის მასშტაბი. სოხაძის განცხადებით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში 6000 კილომეტრზე მეტი გზაა, თუმცა ახალი სახელმწიფო კომპანია მხოლოდ გორი-არგვეთის 105-კილომეტრიან მონაკვეთს მოუვლის.

ეს მონაკვეთი მოიცავს 138 ხიდს, 59 გვირაბსა და გამაგრებულ ფერდობებს, რომლებიც მუდმივ ზედამხედველობას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფომ გადაწყვიტა, აღნიშნული სტრატეგიული ობიექტების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

კერძო სექტორის როლი

მინისტრმა უარყო გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მთავრობა კერძო ბიზნესის ჩანაცვლებას გეგმავს. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით გზების მოვლა-შენახვა კვლავ კერძო კომპანიების პასუხისმგებლობა იქნება, რომლებიც დაახლოებით 25 ზონაში ოპერირებენ.

„კერძო ბიზნესის ჩანაცვლებაზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. რეფორმა კომპლექსურია და კერძო კომპანიების მონაწილეობა სისტემაში შენარჩუნდება, თუმცა შეიცვლება ანაზღაურების მოდელი, რომელიც კონკრეტულ შედეგებსა და ინდიკატორებს დაეფუძნება,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სოხაძის განმარტებით, პრიორიტეტი პრევენციული მართვაა. მიზანია, გზებზე წარმოქმნილი მცირე ბზარები თუ პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, რათა თავიდან იქნას აცილებული სამომავლოდ გაცილებით ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოები.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროსთვის მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაღალჩინოსნების გადაადგილების წინ ხდება. მთავრობის მიზანია, მოსახლეობამ ყოველდღიურად იგრძნოს მოვლილი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურის შედეგი.