რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ განაცხადა, რომ გალაცში საცხოვრებელ შენობაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის ფაქტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძველს იძლევა. აღნიშნული მუხლი მოკავშირე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებს ითვალისწინებს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი საკუთარ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ მიიჩნევს.
კითხვაზე, არის თუ არა ეს ინციდენტი საკმარისი მექანიზმის ასამოქმედებლად, მინისტრმა დაადასტურა, რომ არსებული გარემოებები ამგვარი ნაბიჯის გადადგმას ამართლებს. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ მე-4 მუხლის ამოქმედება არ არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და ის მოკავშირეებთან ერთობლივი მსჯელობის საგანია.
რა არის ნატოს მე-4 მუხლი?
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი წევრ ქვეყნებს ავალდებულებს, ერთად გაიარონ კონსულტაციები, როდესაც რომელიმე მათგანის აზრით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. ეს არის დიპლომატიური ინსტრუმენტი, რომელიც ალიანსს კოლექტიური რეაგირების გზების განსაზღვრაში ეხმარება.
ოანა ცოიუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუმინეთის მთავრობა მუდმივ რეჟიმშია კონტაქტზე პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან. მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა პრეზიდენტის პრეროგატივაა და შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოება დამატებით ინფორმირებული იქნება.
„ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების უფლებაც რუმინეთს აქვს. ჩვენ ვაგრძელებთ მოკავშირეებთან კონსულტაციებს, რათა შევაფასოთ არსებული საფრთხეები და მივიღოთ ადეკვატური ზომები“, – განაცხადა მინისტრმა.
ამ ეტაპზე რუმინეთის ხელისუფლება ინციდენტის დეტალურ ანალიზს აგრძელებს. რუსული დრონების მიერ ნატოს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე, რაც უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აუცილებლობაზე მიანიშნებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.