რუმინეთის სენატმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფონდებს ფინანსური გამჭვირვალობის ვალდებულებას აკისრებს. ახალი რეგულაციების თანახმად, სექტორის წარმომადგენლებმა ყოველწლიურად უნდა წარადგინონ დეტალური დეკლარაცია ყველა სახის შემოსავლის შესახებ.
კანონი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დაფინანსების წყაროებზე. დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციებმა უნდა მიუთითონ ყველა იმ დონაციის წყარო, რომელიც 5 000 ლეუს, ანუ დაახლოებით 1 100 აშშ დოლარს აღემატება. წესების დარღვევა მკაცრ სანქციებს ითვალისწინებს: თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობა შეჩერდება, ხოლო ვალდებულების კვლავ შეუსრულებლობის შემთხვევაში, ის გაუქმდება.
„ხალხის ძალის“ პოზიცია
აღნიშნულ გადაწყვეტილებას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოში მსგავსი კანონპროექტის ინიცირებისას მას „ანტიდემოკრატიული“ და „ანტიევროპული“ უწოდეს, თუმცა დღეს ანალოგიურ ნაბიჯებს ევროპის არაერთი ქვეყანა დგამს.
„2023 წელს ჩვენ რომ გამჭვირვალობის კანონი დავაინიცირეთ, ალბათ, საავტორო უფლება უნდა მოგვეთხოვა. თურმე საქართველოში ეს ანტიდემოკრატიული პროცესი იყო, საფრანგეთში კი მიიღეს, ევროპარლამენტში განიხილეს, ახლა უკვე რუმინეთშიც მიიღეს,“ - აცხადებს მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილის განმარტებით, ხელისუფლებებმა დაინახეს, რომ არასამთავრობო სექტორი შესაძლოა უცხოური ძალების მიერ „პარალელური ხელისუფლების“ სახით იყოს გამოყენებული. მან ევროპარლამენტარებს, კონკრეტულად კი ანდრიუს კუბილიუსს მიმართა და მოუწოდა, რუმინეთის მიერ მიღებული კანონიც იმავე კრიტერიუმებით შეაფასონ, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში გააკეთეს.
„გამოვიდნენ ევროკავშირისა და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები და დაგმონ რუმინეთის ეს გადაწყვეტილება, თუკი თვლიან, რომ არასამთავრობო სექტორისთვის შეზღუდვების დაწესება არასწორია. ეს არის ის სიმართლე, რასაც ჩვენ 2022 წლიდან ვეუბნებით საზოგადოებას,“ - დასძინა დეპუტატმა.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.