მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ დაცვის თანამშრომელი, 63 წლის ალადდინ ყანაზადე, კლინიკაში გარდაიცვალა. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც 11 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი კლინიკაში პაციენტის ოჯახის წევრის, ი.ხაფთანის შესვლის მცდელობას მოჰყვა. დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეს უარი უთხრა კლინიკაში შესვლაზე, რადგან მიღების საათები უკვე ამოწურული იყო.

ოჯახის წევრების ცნობით, კონფლიქტი სწორედ ამ შეზღუდვის გამო დაიწყო, რა დროსაც დაცვის თანამშრომელი სასტიკად სცემეს. დაშავებული მამაკაცი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.