რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე მასირებული საჰაერო შეტევა განახორციელეს. თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი გახდა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რელიგიურ და კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დარტყმის შედეგად ტაძრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მიძინების ტაძრის სახურავს მოედო, რამაც სიწმინდის დაზიანება გამოიწვია.

დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მომხდარს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი მძიმე დანაშაული უწოდა. მისი თქმით, ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი უწმინდესი ადგილის დაბომბვა რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი დადასტურებაა.

საბედნიეროდ, ეკლესიის წარმომადგენლებმა მაშველებთან ერთად ტაძრიდან ხატებისა და სხვა უძვირფასესი სიწმინდეების ევაკუაცია შეძლეს. ისინი უსაფრთხო ადგილზეა გადატანილი.

მსხვერპლი და ნგრევა

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, 15 ივნისს განხორციელებული შეტევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 23 დაშავდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის ათ რაიონში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით მყისიერ რეაგირებას მოითხოვს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან სამოქალაქო და კულტურული ობიექტების მიზანმიმართული დაბომბვა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.