საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალურმა დირექტორატმა (DGSE) მაისში თბილისიდან საკუთარი თანამშრომლები სასწრაფო წესით გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სპეცსამსახურების საქმიანობის გამშუქებელი გამოცემა Intelligence Online ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქართულმა კონტრდაზვერვამ გამოავლინა ოპერაცია, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრის გადაბირებას ისახავდა მიზნად. გაწვეულთა ზუსტი რაოდენობა დაზუსტებული არ არის, თუმცა სხვადასხვა წყარო ორ ან სამ აგენტზე მიუთითებს, რომლებიც საფრანგეთის საელჩოში იყვნენ დისლოცირებული.
აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება გიორგი უძილაურის საქმეს. უძილაური, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჰოლდინგ „ქართუს“ პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) მაისის დასაწყისში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. სუს-ის მტკიცებით, დაკავებული პირი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა.
ოფიციალური თბილისი არ ასახელებს იმ ქვეყანას, რომლის ინტერესებისთვისაც უძილაური მოქმედებდა, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები კონტექსტს საფრანგეთისკენ მიუთითებს. ვიცე-პრემიერმა მამუკა მმდინარაძემ ადრე განაცხადა, რომ სხვა ჯაშუშურ საქმეებშიც იგივე „ევროპული სახელმწიფო“ ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, უძილაურის დაკავების შემდეგ ქართულმა მხარემ დასავლელ პარტნიორებს აგენტების გაწვევა მოსთხოვა და წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ვინაობის გამჟღავნებით დაიმუქრა.
საფრანგეთის ინტერესები რეგიონში
მიუხედავად დიპლომატიური დაძაბულობისა, საფრანგეთი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესების გაძლიერებას განაგრძობს. ივნისის დასაწყისში თბილისს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეწვია, რათა იარაღის მიწოდების პერსპექტივები შეესწავლათ. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პარიზი საქართველოს რუსული აქტივობის მონიტორინგისთვის სტრატეგიულ წერტილად მიიჩნევს.
საფრანგეთის გაზრდილ ინტერესზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ თბილისში ელჩად დაინიშნა DGSE-ს ყოფილი მაღალჩინოსანი. აღნიშნულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით არც თბილისი და არც პარიზი ოფიციალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.