საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ქვეყნის წინაშე არსებულ გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე საუბრობს. მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, რუსეთი კავკასიის სატრანზიტო გზის ჩაკეტვას ისტერიულად ცდილობს.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დასრულებისა და რუსული სატრანზიტო დერეფნების სანქცირების შემდეგ, მოსკოვის მიზანი ქართული მარშრუტის კონტროლია. მისი შეფასებით, რუსეთი ცდილობს, აიძულოს რეგიონი, რუსული გზა გახსნას და ამით დასაჯოს აზერბაიჯანი და სომხეთი.

„როგორც კი დავინახავთ რუსების აქტივიზაციას ჩვენს საზღვრებთან, სასწრაფოდ გავწიოთ გვერდზე ქოცები, გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები. შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოვუწოდოთ მეზობლებს და ევროპას დახმარებისკენ“, - წერს სააკაშვილი.

მესამე პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს სომხეთში შესაძლო სამხედრო ინტერვენციის რისკებზეც. ის არ გამორიცხავს, რომ პუტინმა სომხეთში ოპერაციის პარალელურად, საქართველოს დაკავებაც სცადოს. სააკაშვილის მტკიცებით, არსებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა დაცვის გარეშეა დარჩენილი.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან სწრაფი დაახლოება საქართველოს გადარჩენის ერთადერთი შანსი იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ ალტერნატიულ გზად თურქეთთან და აზერბაიჯანთან თავდაცვის პაქტის გაფორმება რჩება, თუმცა ამის პოლიტიკურ ნებას ამჟამინდელ ხელისუფლებაში ვერ ხედავს.

ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციამ და საზოგადოებამ ყურადღება არა არჩევნებსა და პარლამენტში შესვლაზე, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების კრიზისული სცენარებისთვის მზადებაზე უნდა გადაიტანონ.