საქართველოს ბანკი და „თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებისთვის ერთიანდებიან. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი RECSOL-ის საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განვითარებას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ და „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკატერინე ქავთარაძემ მოაწერეს. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ქვეყანაში მდგრადი ბიზნესინიციატივების წახალისება და გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვაა.

RECSOL-ის ქარხანა, რომელიც საქართველოს ბანკისა და ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით შენდება, გამოყენებული საბურავების ნარჩენების მართვასა და მათ რესურსად გარდაქმნას გეგმავს. საწარმო ევროპული სტანდარტების, მათ შორის CE და ISO მოთხოვნების შესაბამისად იმუშავებს.

საწარმოს ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. მისი სიმძლავრე წლიურად 25-დან 30 ათას ტონამდე საბურავის გადამუშავების საშუალებას იძლევა. ეკატერინე ქავთარაძის განცხადებით, ეს პროექტი „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან საბურავები ათწლეულების განმავლობაში ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად ითვლებოდა.

გიორგი კუკულაძის თქმით, საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც გარემოსდაცვით სარგებელთან ერთად, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. ბანკის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი საქართველოს ნარჩენების მართვის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

გადამუშავების შედეგად მიღებული მასალები სხვადასხვა ინდუსტრიაში განმეორებით გამოყენებას ექვემდებარება, რაც ნარჩენების მართვის სრულიად ახალი მოდელის დანერგვას ნიშნავს.