საქართველოს ეკონომიკური სისტემა ახალ ეტაპზე გადადის. მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია Tether-ი ქართული ლარის ციფრული ანალოგის, GELt-ის გამოშვებას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომპანიის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე გააჟღერა.
Tether-ი, რომელიც გლობალურ ბაზარზე ფინანსური აქტივებისა და ოქროს რეზერვების მართვით არის ცნობილი, ტრადიციულ და ციფრულ ეკონომიკას შორის დამაკავშირებელ რგოლად მოიაზრება. კომპანია ასევე არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტი, რომელიც აშშ დოლარზეა მიბმული.
პარტნიორობა და ინვესტიციები
პრემიერ-მინისტრის თქმით, Tether-თან თანამშრომლობა გასცდება მხოლოდ ფინანსურ სექტორს. კომპანია გეგმავს მასშტაბურ ინვესტიციებს საქართველოში, რაც პირველ რიგში სოციალურ და საგანმანათლებლო პროგრამებს შეეხება. კობახიძის შეფასებით, ეს ნაბიჯი ბიზნეს-ინტერესების მიღმა გადის და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული.
„ჩვენ მოხარული ვართ, რომ Tether-ი ჩვენი ეკონომიკური ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი ხდება. ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოვლინება არის კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი - GELt“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო გიგანტის შემოსვლა ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი სიგნალია გლობალური საინვესტიციო საზოგადოებისთვის. ეს ფაქტი მიუთითებს საქართველოში ინვესტორთა ნდობის ზრდაზე, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ამ ეტაპზე კონკრეტული ვადები, თუ როდის გახდება GELt ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, არ დაკონკრეტებულა, თუმცა პრეზენტაციამ ცხადყო, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და კომპანია საქართველოს ბაზარზე აქტიური საქმიანობისთვის ემზადება.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.