რუსეთის ქალაქ სამარაში მდებარე „კუიბიშევსკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობას წყვეტს. საწარმო, რომელიც სახელმწიფო კორპორაცია „როსნეფტის“ სტრუქტურაში შედის, უკრაინული დრონების სამიზნე 10 ივნისს გახდა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეტევის შედეგად ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რამაც ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე მთავარი დანადგარი სრულად დააზიანა. თითოეული მათგანის საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 73 000 ბარელს შეადგენს, რაც საწარმოს გამართული ფუნქციონირებისთვის კრიტიკული იყო.

„როსნეფტს“ სამარის ოლქში რამდენიმე მსხვილი ობიექტი აქვს, მათ შორის სიზრანსა და ნოვოკუიბიშევსკში. ეს ქარხნები უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე არაერთხელ გამხდარა 2024 წლიდან მოყოლებული. მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში განხორციელებულმა შეტევებმა სიზრანის ქარხნის გაჩერება, ხოლო ნოვოკუიბიშევსკის ქარხნის საწარმოო სიმძლავრის შემცირება გამოიწვია.

უკრაინული მხარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საცავებსა და პორტების ტერმინალებს „კანონიერ სამიზნეებად“ მოიხსენიებს. კიევის განცხადებით, ამ ოპერაციების მთავარი მიზანი რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შესუსტება და იმ ფინანსური რესურსების შეზღუდვაა, რომლებსაც კრემლი ომის გასაგრძელებლად იყენებს. საპირისპიროდ, მოსკოვი ამ თავდასხმებს „ტერორისტულ აქტებს“ უწოდებს.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 2026 წლის მაისში რუსეთის ნავთობინდუსტრიაზე დრონების გამოყენებით სულ მცირე 30 დარტყმა განხორციელდა. ეს მაჩვენებელი რეკორდულია სრულმასშტაბიანი ომის დაწყების დღიდან, რაც მიუთითებს უკრაინის სტრატეგიის გააქტიურებაზე რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.