რუსეთის ფედერაციაში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის გახსნამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, მასშტაბური სამხედრო ინციდენტი მოხდა. 3 ივნისს დილით, უკრაინულმა დრონებმა ლენინგრადის ოლქის მიმართულებით იერიში მიიტანეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ლენინგრადის ოლქის საჰაერო სივრცეში ოცდაათამდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მიუხედავად ოფიციალური უწყებების განცხადებებისა, ტელეგრამ არხები იუწყებიან, რომ თავდასხმის შედეგად სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალზე ხანძარი გაჩნდა.

საბრძოლო მოქმედებებმა ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მყისიერი გავლენა იქონია. პულკოვოს აეროპორტში უსაფრთხოების მიზნით რამდენიმე ათეული რეისი გადაიდო. პარალელურად, ქალაქის მასშტაბით მობილური ინტერნეტის კავშირი შეიზღუდა, რაც სავარაუდოდ, თავდაცვითი ღონისძიებების ნაწილია.

ინციდენტი მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ სანქტ-პეტერბურგი 3-დან 6 ივნისის ჩათვლით საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის იყენებს, ამჯერად უსაფრთხოების მაღალი რისკების ფონზე მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ ფორუმზე გამოსვლას გეგმავს ვლადიმერ პუტინი, რომლის სიტყვით გამოსვლა 5 ივნისისთვის არის ჩანიშნული. გარდა ამისა, ღონისძიებაზე დასასწრებად სტუმრები შეერთებული შტატებიდანაც ჩავიდნენ, რომლებიც ძირითადად მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე წრეებს წარმოადგენენ. ფორუმის პროგრამაში პუტინის ქალიშვილების მონაწილეობაც არის დაანონსებული.

ამ დროისთვის რუსეთის მხარეს დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია, თუმცა დრონების თავდასხმამ ეკონომიკური ფორუმის მსვლელობასა და უსაფრთხოების ზომებზე მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა.