საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და უცხოელი პარტნიორების რჩევებისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ბრიუსელის მითითებებს გაითვალისწინებდა, ქვეყანა ეკონომიკური სტაგნაციის წინაშე აღმოჩნდებოდა.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „იბიარდის“ (EBRD) ანგარიშები ხშირად არასწორად აფასებს საქართველოს რეალობას. მისი შეფასებით, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერიც ანალოგიურ შეცდომას უშვებს, როდესაც საქართველოს ნაცვლად, განვითარების მაგალითად უკრაინასა და მოლდოვას ასახელებს.

„ჩვენ ზოგიერთი უცხოელი ყვავებივით დაგვჩხავის, ელოდებიან, რამენაირად მაჩვენებელი იყოს არა ისეთი, როგორსაც მთავრობა გეგმავს, რომ შემდეგ ნიშნის მოგებით გვესაუბრონ. ამის საპირისპიროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება, ვინც საქართველოს ყვავივით დაგვჩხავის და ელოდება ქვეყნის წარუმატებლობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ციფრები ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის სისწორეს, როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების მიმართულებით. მისი მტკიცებით, მთავრობა სწორად იქცევა, როდესაც არ უსმენს „ცრუ მრჩევლებს“.

პაპუაშვილმა მაგალითად მოიყვანა მოლდოვისა და უკრაინის მაგალითებიც. მან აღნიშნა, რომ მოლდოვა რუმინეთთან შესაძლო გაერთიანებას გეგმავს, ხოლო უკრაინასთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერის განცხადებები ტერიტორიულ დათმობებზე მიანიშნებს.

„ბრიუსელისთვის რომ მოგვესმინა, წავაგებდით, ვიგებთ, რომ ბრიუსელს არ ვუსმენთ. ჩვენ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება ავირჩიეთ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა იმაზე, ბრიუსელს რა ინტერესები აქვს საქართველოში თუ რეგიონში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.