1 ივლისიდან აშშ-ში სტუდენტური სესხების აღების მსურველებისთვის პირობები რადიკალურად იცვლება. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ერთი დიდი და ლამაზი კანონის“ (OBBBA) ამოქმედებით, მსესხებელთა უფლებები და დავალიანებისგან გათავისუფლების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეიკვეცება.
ვინ ითვლება „ახალ მსესხებლად“?
ფინანსური კონსულტანტების განმარტებით, 1 ივლისის შემდეგ სესხის აღება ნებისმიერ პირს ავტომატურად გადაიყვანს „ახალი მსესხებლის“ სტატუსში. ეს ნიშნავს, რომ მათზე აღარ გავრცელდება ის შეღავათები, რაც წლების განმავლობაში მოქმედებდა.
ექსპერტები აფრთხილებენ სტუდენტებს, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულ ფინანსურ რისკებთან გვაქვს. მცირე ოდენობის სესხმაც კი, რომელიც ამ თარიღის შემდეგ იქნება აღებული, შეიძლება სამუდამოდ დაგაკარგინოთ უფრო ხელსაყრელი დაფარვის გეგმით სარგებლობის შანსი.
რა იცვლება დაფარვის გეგმებში?
ახალი კანონმდებლობა აუქმებს აშშ-ის განათლების დეპარტამენტის მიერ აქამდე შემოთავაზებულ არაერთ გეგმას. თუ აქამდე არსებული მსესხებლები შეინარჩუნებენ წვდომას შემოსავალზე დაფუძნებულ დაფარვის გეგმაზე (IBR), 1 ივლისის შემდეგ ახალი მსესხებლებისთვის მხოლოდ ორი ვარიანტი დარჩება:
- RAP (Repayment Assistance Plan): ყოველთვიური გადასახადი შემოსავლის 1%-დან 10%-მდე მერყეობს. ვალი სრულად მხოლოდ 30 წლის შემდეგ პატიება.
- Tiered Standard Plan: ფიქსირებული გადახდები, რაც მომხმარებელთა უფლებადამცველების თქმით, ბევრისთვის აუტანელი ტვირთი იქნება.
საფრთხეები მშობლებისთვის
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ის მშობლები, რომლებიც ე.წ. Parent PLUS სესხებს იღებენ. მათთვის 1 ივლისის შემდეგ მხოლოდ „Tiered Standard Plan“ იქნება ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ისინი კარგავენ „საჯარო სამსახურის სესხის პატიების“ (PSLF) პროგრამით სარგებლობის უფლებას, რაც აქამდე არაერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორში დასაქმებულისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იყო.
უმუშევრობა და ეკონომიკური სირთულეები
ახალი კანონი აუქმებს გადახდების შეჩერების შესაძლებლობას უმუშევრობის ან ეკონომიკური კრიზისის დროს. თუ აქამდე მსესხებლებს შეეძლოთ დროებით შეეჩერებინათ გადახდები, 1 ივლისის შემდეგ აღებული სესხების შემთხვევაში ეს მექანიზმი აღარ იმოქმედებს.
ექსპერტები გვირჩევენ, რომ სესხის აღებამდე ოჯახებმა კარგად გადახედონ საკუთარ ფინანსურ შესაძლებლობებს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა უფრო მომგებიანი იყოს ისეთი ოჯახის წევრის მიერ სესხის აღება, რომელსაც ჯერ არ აქვს აღებული ვალდებულება, რათა შეინარჩუნოს ძველი, უფრო მოქნილი პირობები.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.