ექვსწლიანი მოლოდინის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგულარული სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა ოფიციალურად აღდგება. მატარებლები თბილისსა და ბაქოს შორის მიმოსვლას 26 მაისიდან განაახლებენ.

განრიგი და მარშრუტი

„აზერბაიჯანის რკინიგზის“ ინფორმაციით, მატარებლები ყოველდღიურ რეჟიმში იმოძრავებენ. ბაქოდან მატარებელი 23:10 საათზე გავა და თბილისში მეორე დღის 08:41 საათზე ჩამოვა. თბილისიდან გასვლა 21:00 საათზეა დაგეგმილი, ბაქოში კი მატარებელი დილის 06:24 საათზე ჩავა.

მგზავრობისას გათვალისწინებულია საზღვრისა და საბაჟო კონტროლის პროცედურები, რისთვისაც ორივე მხარეს თითო საათი გამოიყოფა. მატარებელი გაჩერდება აზერბაიჯანის ექვს და საქართველოს ორ სადგურზე: გარდაბანსა და თბილისის რკინიგზის სადგურზე.

კომფორტი და ფასები

მარშრუტზე შვეიცარიული კომპანია Stadler-ის თანამედროვე მატარებლები იმოძრავებენ. მგზავრებს ექნებათ კომფორტული კუპეები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისი. აღსანიშნავია, რომ ძველი შემადგენლობები, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ამ მიმართულებას, 2019 წელს გამოიყვანეს ხმარებიდან.

ბილეთის ღირებულება მანძილზეა დამოკიდებული. მინიმალური ტარიფი გარდაბანსა და ბოიუქ-კესიკს შორის 51 აზერბაიჯანული მანათი (დაახლოებით 30 დოლარი) იქნება. ბაქო-თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი 81 მანათიდან (დაახლოებით 48 დოლარი) იწყება. ფასები მიბმულია შვეიცარიული ფრანკის კურსზე და შესაძლოა შეიცვალოს სადღესასწაულო დღეებსა და ადგილის არჩევანის მიხედვით.

ბილეთების შეძენა

გარდამავალ პერიოდში ბილეთების შეძენა მხოლოდ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ელექტრონული სისტემის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ეს პროცედურა მანამ გაგრძელდება, სანამ ორი ქვეყნის საბილეთო სისტემები სრულად არ ინტეგრირდება. ინტეგრაციის შემდეგ, საქართველოს სალაროები ერთიან პლატფორმაზე გადავლენ, რაც მგზავრებს ბილეთების შეძენას რეალურ დროში გაუმარტივებს.

შეგახსენებთ, რომ რკინიგზით მიმოსვლა 2020 წლის მარტში, პანდემიის გამო შეჩერდა. აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება 18 მაისს, ბაქოში ირაკლი კობახიძისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.