თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „სქილვილს“ ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დეპუტატებმა კოლეჯის ხელმძღვანელობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
საკრებულოს წარმომადგენლები უშუალოდ გაეცნენ იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებსაც კოლეჯი ახალგაზრდებს სთავაზობს. გარდა თეორიული ნაწილისა, დეპუტატებმა დაათვალიერეს სასწავლებლის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
„ისწავლე და დასაქმდი“ – შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის
თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, კოლეჯში ამჟამად 30-მდე სხვადასხვა მიმართულებაა, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თბილისის მერიის პროგრამას – „ისწავლე და დასაქმდი“.
„პროექტის ფარგლებში, 16 წლიდან ზევით, თბილისში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, სრულიად უსასყიდლოდ, დედაქალაქის მერიის 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას“, – აღნიშნა თინათინ ნიბლოშვილმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის საკრებულო აქტიურად არის ჩართული პროფესიული სწავლების პოპულარიზაციაში და მზად არის, მხარი დაუჭიროს კოლეჯებს კომპეტენციის ფარგლებში. ნიბლოშვილმა ხაზი გაუსვა ტრადიციული პროფესიული პროგრამების ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრაციის მნიშვნელობას, რაც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს.
ვიზიტის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.