ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრების მოლაპარაკებების პროცესს აქტიურ ფაზაში გადაჰყავს. გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე, განაცხადა, რომ ივლისში ორივე ქვეყნისთვის მოლაპარაკებების დარჩენილი ყველა კლასტერი გაიხსნება.
მარტა კოსის თქმით, დღევანდელი დღე გაფართოების პროცესისთვის ისტორიულია. ევროკომისარი ხაზს უსვამს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ნაკისრი ვალდებულებები წარმატებით შეასრულეს. „თუ ისინი ასრულებენ ვალდებულებებს, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ“, — განაცხადა კოსმა.
მისივე შეფასებით, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ამჟამად უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს. ბოლო 16-17 თვეში ამ მიმართულებით გაცილებით მეტი ნაბიჯი გადაიდგა, ვიდრე წინა 15 წლის განმავლობაში.
15 ივნისს ევროკავშირი უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრების მოლაპარაკებების პირველ კლასტერს ოფიციალურად ხსნის. ევროკავშირში გაწევრების პროცესი 35 თავისგან შედგება, რომლებიც ექვს კლასტერად არის დაჯგუფებული. პირველი კლასტერი მოიცავს დემოკრატიულ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ საფუძვლებს და, წესების მიხედვით, ის პირველი იხსნება, თუმცა ყველაზე ბოლოს იხურება.
საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ე.წ. ასოცირების ტრიოს წევრი და ლიდერი იყო, ამ პროცესს ჩამორჩა. 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ვითარება შეიცვალა. 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების პროცესის შეჩერება გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით უპასუხა. ამ დროისთვის პროტესტი მცირე მასშტაბით გრძელდება, ხოლო მმართველი გუნდი აქტიურად აგრძელებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიმართ კრიტიკულ რიტორიკას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.