დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა ლა-მანშის სრუტეში რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მიჩნეული ტანკერი Smyrtos-ი დააკავეს. ექვსსაათიანი სპეცოპერაციის შედეგად გემი დორსეტის საგრაფოში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ბრიტანეთის დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაკავებულია გემის კაპიტანი, რომელიც ინდოეთის მოქალაქეა. ცნობილია, რომ კამერუნის დროშით მცურავ ტანკერზე სულ 24 მეზღვაური იმყოფება, მათ შორის საქართველოსა და ინდოეთის მოქალაქეები.
რას უკავშირდება დაკავება?
ტანკერი Smyrtos-ი (ყოფილი Myrtos) 5 ივნისს რუსეთის პორტ უსტ-ლუგადან გამოვიდა. გემი სანქცირებულთა სიაში 2025 წლის ივლისში მოხვდა, რის შემდეგაც მან სახელი შეიცვალა. საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული 500-ზე მეტი ტანკერია იდენტიფიცირებული.
ბრიტანეთის მთავრობამ ჯერ კიდევ 2026 წლის მარტში მიანიჭა სამხედროებს უფლებამოსილება, დაეკავებინათ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი სანქცირებული რუსული გემები. აღნიშნული ზომა მიზნად ისახავს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების აღსრულებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა, რომ ინფორმაციას ამოწმებენ. უწყება დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.