ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება სახელისუფლებო გუნდისთვის პოლიტიკური უპრინციპობისა და შიდა გავლენებისთვის ბრძოლის ნათელი დასტურია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ე.წ. კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური რესურსი ამოწურა.

გარე ინსტრუქციები და უნდობლობა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციაში არსებული მწვავე რიტორიკა მათ შორის არსებულ ღრმა უნდობლობაზე მეტყველებს.

„ეს ბრალდებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ დიდი უნდობლობაა მათ შორის. მათი გაყრაც და შეყრაც ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი და არა მათი შინაგანი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ,“ — განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილი უკვე ღიად აღიარებს, რომ წარსულში პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა პოლიტიკური შეცდომა იყო. ქადაგიშვილის თქმით, ეს ფაქტი მათთვის თავიდანვე ცხადი უნდა ყოფილიყო.

დაპირისპირების ახალი ტალღა

ყოფილ და მოქმედ „ნაციონალებს“ შორის ურთიერთბრალდებები კვლავ მწვავდება. მოქმედი პარტიის წევრები ოპონენტებს პოლიტიკურ წარსულს ახსენებენ და ხაზს უსვამენ, რომ მათ სააკაშვილის კრიტიკის მორალური უფლება არ გააჩნიათ.

კონფლიქტი სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. „ფედერალისტების“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს მწვავედ უპასუხა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ანა წითლიძის განცხადება, რომელმაც გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ რესურსების არამიზნობრივ გამოყენებაში დაადანაშაულა.

ქადაგიშვილის თქმით, ეს პროცესები ადასტურებს, რომ ოპოზიცია კვლავ მიხეილ სააკაშვილის გავლენისა და უცხოური დაკვეთების ჩრდილქვეშ მოქმედებს, რაც მათ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.