სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი (SPIEF) წელს მოულოდნელი და დრამატული მოვლენებით აღინიშნა. სანამ ექსპოცენტრში რუსული ეკონომიკის „მდგრადობაზე“ საუბრობდნენ, ქალაქის ცაზე შავი კვამლის სვეტები ამოდიოდა.
ფორუმის გახსნისა და დახურვის დღეებში სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ დაზიანდა „ინფრასტრუქტურა“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. ფორუმის მონაწილეებს ქალაქში შესვლისთანავე კვამლის ნაცრისფერი ღრუბლები დახვდათ.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართა, სადაც მას ომის შეწყვეტისა და ნეიტრალურ ქვეყანაში შეხვედრისკენ მოუწოდა. კრემლის ლიდერმა წინადადება უარყო და ზელენსკის წერილს „უხეში“ უწოდა.
„მე არ მჭირდება წერილის ავტორისთვის პასუხის გაცემა, მე უნდა ვუპასუხო ჩვენს ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე“, — განაცხადა პუტინმა პლენარულ სესიაზე, სადაც ის კვლავ კომპრომისების გარეშე, ძალის პოზიციიდან საუბრობდა.
ფორუმზე დამსწრე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ომთან დაკავშირებით მხოლოდ პრეზიდენტის ნარატივს იმეორებდნენ. მაშინ როცა პუტინი აცხადებს, რომ რუსული ეკონომიკა ვითარდება, ეკონომისტები სტაგნაციაზე, ზრდის შეფერხებასა და მზარდ დეფიციტზე საუბრობენ. ომი და სანქციები ქვეყნის რესურსებს ინტენსიურად შთანთქავს.
საინტერესოა, რომ ფორუმზე სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ის ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე როდნი მიმს კუკ უმცროსი, რომელსაც რუსული მხარე პირველ ოფიციალურ ამერიკულ დელეგაციად ასაღებდა. თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ამ ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა და ის მაღალი დონის დელეგაციას არ წარმოადგენდა.
გამოფენის დარბაზებში, რობოტებისა და სხვადასხვა ინსტალაციების ფონზე, სიმბოლურად გამოფენილი იყო რუსული „ნევალიაშკა“ — თოჯინა, რომელიც ირყევა, მაგრამ არ ვარდება. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლებას სურს, მსოფლიომ რუსეთი სწორედ ასეთად დაინახოს — ქვეყნად, რომელიც სანქციებისა და ომის მიუხედავად, ჯერ კიდევ ფეხზე დგას.





დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.