უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ ისაუბრა რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან შედგარ შეხვედრაზე. მისი თქმით, საუბარი კიევში გაიმართა და აბრამოვიჩის მიზანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შუამავლობა იყო.

საიდუმლო გზავნილები პუტინთან

ზელენსკის ინფორმაციით, აბრამოვიჩმა მას შესთავაზა, რომ ინფორმაციის გაცვლა პუტინთან ჩუმად, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე მომხდარიყო. უკრაინის პრეზიდენტმა ამაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა პოზიცია არ შეუცვლია.

„აბრამოვიჩი ჩვენთან მოვიდა, რათა გაეგო, რისთვის არის მზად უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების კონტექსტში. მე მას გარკვევით ვუთხარი, რომ დონბასის რეგიონს რუსეთს არ დავუთმობთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცეცხლის შეწყვეტა როგორც კომპრომისი

პრეზიდენტის თქმით, მან ოლიგარქს მკაფიოდ აუხსნა უკრაინის წითელი ხაზები. ზელენსკის განცხადებით, ნებისმიერ კომპრომისზე საუბარი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ არის შესაძლებელი.

ცეცხლის შეწყვეტა ჩვენი მხრიდან ყველაზე დიდი კომპრომისია, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აბრამოვიჩმა მისი გზავნილები მიიღო და დაგეგმა, რომ მათ პირდაპირ პუტინს გადასცემდა.

ომი რუსეთის ტერიტორიაზე

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომის გაგრძელებას აპირებს და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში თავდასხმებს გააძლიერებს. პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ უკვე აითვისა საკუთარი რაკეტებისა და დრონების წარმოება.

„ჩვენ არ დავიხოცებით ჩუმად. ჩვენ ვპასუხობთ და ყოველდღიურად უფრო ძლიერები ვხდებით. პუტინი მხოლოდ მაშინ უსმენს არგუმენტებს, როდესაც მასზე სრული ზეწოლაა. ჩვენ ომს მათ ტერიტორიაზე დავაბრუნებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.