ესპანეთის ტურისტული ინდუსტრია ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს. 2025 წელს ქვეყანამ 97 მილიონი უცხოელი ვიზიტორი მიიღო, 2026 წლისთვის კი ეს ციფრი 100 მილიონამდე გაიზრდება. ექსპერტების შეფასებით, ესპანეთი საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა.
ტურისტული ნაკადის ზრდა პირდაპირ კავშირშია ახლო აღმოსავლეთში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან. აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის ფონზე, მოგზაურები დუბაის, თურქეთისა და კვიპროსის ნაცვლად, ევროპის უსაფრთხო ალტერნატივას, ესპანეთს ანიჭებენ უპირატესობას. აპრილში ქვეყანამ 9.1 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-იანი ზრდაა.
ტურიზმი ესპანეთის მშპ-ს 13%-ს შეადგენს და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელია. თუმცა, წარმატებას თან ახლავს სერიოზული სოციალური გამოწვევები. ბარსელონასა და სხვა საკურორტო ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.
მოსახლეობის უკმაყოფილება, პირველ რიგში, საცხოვრებლის გაძვირებას უკავშირდება. აქტივისტების თქმით, ქალაქის ცენტრები „თემატურ პარკებად“ იქცა, სადაც უძრავი ქონების მფლობელები ბინებს ადგილობრივების ნაცვლად, მაღალშემოსავლიან ტურისტებზე აქირავებენ. ესპანეთში ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 28% უარყოფითად აფასებს უცხოელი ტურისტების მასობრივ შემოდინებას.
ესპანეთის მთავრობა ვითარების დარეგულირებას ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა უკვე გააკრიტიკა Airbnb-ის პოლიტიკა და პლატფორმა არალიცენზირებული ბინების რეკლამირებისთვის 65 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ბარსელონამ კი 2028 წლისთვის მოკლევადიანი გაქირავების ყველა ლიცენზიის გაუქმება დააანონსა.
მიუხედავად მკაცრი ზომებისა, ტურიზმის სექტორი კვლავ ზრდას აგრძელებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ბედნიერების ინდუსტრია“ ფრთხილად უნდა მოეკიდოს ადგილობრივთა ინტერესებს, რათა ტურიზმის რეპუტაცია და მიმზიდველობა არ დაზიანდეს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.