დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახური (NHS) მილიონამდე ახალგაზრდას მენინგიტი B-ს საწინააღმდეგო ვაქცინაციას სთავაზობს. გადაწყვეტილება მიმდინარე წელს ინფექციის შემთხვევების ზრდამ განაპირობა.

ორდოზიანი ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება საშუალო სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე 18-დან 25 წლამდე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც შემოდგომაზე პირველად იწყებენ სწავლას უნივერსიტეტში ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ექსპერტების განმარტებით, მენინგიტი თავის ტვინისა და ზურგის ტვინის დამცავი გარსების მძიმე ინფექციაა. B ტიპის მენინგიტი განსაკუთრებით სახიფათოა და ყველაზე ხშირად ჩვილებს, მოზარდებსა და ახალგაზრდებს აზიანებს.

ვისთვის არის განკუთვნილი ვაქცინა?

უფასო აცრას მიიღებენ 2007 წლის 1 სექტემბრიდან 2008 წლის 31 აგვისტომდე დაბადებული პირები, ასევე 25 წლამდე სტუდენტები. სრული დაცვისთვის საჭიროა ორი დოზის მიღება, მინიმუმ ოთხკვირიანი ინტერვალით.

ინგლისში ვაქცინაცია სააფთიაქო ქსელების მეშვეობით განხორციელდება, ჩანაწერი კი NHS-ის აპლიკაციით ან პირდაპირი კომუნიკაციით იქნება შესაძლებელი. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ მენინგიტის შემთხვევები ტრადიციულად ოქტომბერ-ნოემბერში პიკს აღწევს, რაც სტუდენტებისთვის განსაკუთრებულ რისკს წარმოადგენს.

რატომ არ არის აცრა საყოველთაო?

ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივი კომიტეტის (JCVI) შეფასებით, ყველა მოზარდისთვის მენინგიტი B-ს აცრის შეთავაზება ამ ეტაპზე ეკონომიკურად არამიზანშეწონილია. გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება:

  • ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია მოზარდებში, ვიდრე ჩვილებში.
  • ის არ იცავს B შტამის ყველა ვერსიისგან.
  • ვაქცინა ვერ აჩერებს ბაქტერიის გადაცემას ერთი ადამიანიდან მეორეზე.
  • დაცვის ხანგრძლივობა შეზღუდულია და არ არის სამუდამო.

მენინგიტი ადამიანიდან ადამიანზე გადადის ნერწყვისა და სეკრეტის მეშვეობით — ცემინების, ხველის, კოცნის ან საერთო სასმელისა და ვეიპების გამოყენებისას. მიმდინარე წელს დიდ ბრიტანეთში ინფექციის რამდენიმე კერა დაფიქსირდა, რამაც საზოგადოებაში შიში გამოიწვია.

ამჟამად, ვაქცინაცია პირადი არჩევანია. კერძო აფთიაქებში სრული კურსის ღირებულება დაახლოებით 220 ფუნტი სტერლინგია, თუმცა ბოლო პერიოდში მოთხოვნა ამ სერვისზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.