ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი ამერიკელი მომხმარებლებისთვის მძიმე ფინანსურ ტვირთად იქცა. Moody's Analytics-ის უახლესი მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, თითოეულმა ამერიკულმა ოჯახმა საწვავთან დაკავშირებულ ხარჯებში დამატებით 447.19 დოლარი გადაიხადა.
საერთო ჯამში, ამერიკელმა მომხმარებლებმა ენერგორესურსებისა და ავიაბილეთების გაძვირების გამო თითქმის 60 მილიარდი დოლარი დაკარგეს. ექსპერტების შეფასებით, თუ ფასები არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება, ომის პირველი წლის ბოლოსთვის თითოეული ოჯახისთვის ზარალმა შესაძლოა 2,000 დოლარს მიაღწიოს.
საწვავის რეკორდული გაძვირება
დამატებითი ხარჯების დაახლოებით ნახევარი ბენზინის ფასის ზრდაზე მოდის. AAA-ს მონაცემებით, აშშ-ში უტყვიო ბენზინის საშუალო ფასმა გალონზე 4.39 დოლარი შეადგინა, რაც მარტის დასაწყისთან შედარებით 47%-ით მეტია.
სერიოზული დარტყმა მიადგა ლოჯისტიკურ სექტორსაც. დიზელის საწვავი, რომელიც სატვირთო გადაზიდვებისთვის გამოიყენება, 47%-ით გაძვირდა და გალონზე 5.52 დოლარი შეადგინა. მხოლოდ ამ ფაქტორმა მომხმარებლებს 20 მილიარდ დოლარზე მეტი დამატებითი ხარჯი მოუტანა.
ეკონომიკური შედეგები და შემცირებული დანაზოგი
Moody's-ის მთავარი ეკონომისტის, მარკ ზანდის თქმით, ენერგომატარებლების გაძვირებამ გააქრო ის სარგებელი, რაც ამერიკელმა ოჯახებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო შეღავათების შედეგად მიიღეს. ოჯახები იძულებულნი არიან, დანაზოგები დახარჯონ ან ვალები აიღონ ყოველდღიური ხარჯების დასაფარად.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ პირადი დანაზოგების მაჩვენებელი აპრილში 2.6%-მდე დაეცა, რაც გლობალური ფინანსური კრიზისის პერიოდის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია. ამავდროულად, ამერიკელების საკრედიტო ბარათებზე დავალიანებამ 1.25 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
„მომხმარებლები სულ უფრო მეტად გრძნობენ შემოსავლების კლებას, რაც მათ დანაზოგების, კრედიტებისა და აქტივების გამოყენებისკენ უბიძგებს“, — აცხადებს EY-Parthenon-ის მთავარი ეკონომისტი გრეგორი დაკო.
Goldman Sachs-ის პროგნოზით, მაღალი ენერგეტიკული ფასები 2026 წლის განმავლობაში მომხმარებელთა მსყიდველობითუნარიანობას შეამცირებს. ეს განსაკუთრებით დააზარალებს დაბალშემოსავლიან ოჯახებს, რომელთა ბიუჯეტის დიდ ნაწილს სწორედ საკვები და ენერგია შეადგენს.




დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.