ინგლისსა და უელსში ევთანაზიის დაკანონების საკითხი კვლავ პოლიტიკური დებატების ცენტრშია. ლეიბორისტმა დეპუტატმა ლორენ ედვარდსმა განაცხადა, რომ პარლამენტში ხელახლა წარადგენს კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს უკურნებელი სენით დაავადებული პირებისთვის სიცოცხლის ნებაყოფლობით შეწყვეტის უფლების მინიჭებას.
საუბარია დოკუმენტზე, რომელიც გასულ წელს თემთა პალატამ უკვე დაამტკიცა, თუმცა ლორდთა პალატაში განხილვისას ჩავარდა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მაშინ აცხადებდნენ, რომ დოკუმენტი ხარვეზიანი იყო და მოწყვლადი ჯგუფების მიმართ რისკებს შეიცავდა.
ახალი კანონპროექტი, სახელწოდებით „ტერმინალურად დაავადებულ ზრდასრულთა შესახებ“ (Terminally Ill Adults Bill), ითვალისწინებს 18 წელს გადაცილებული იმ პირებისთვის დახმარებას, რომლებსაც პროგნოზის მიხედვით, სიცოცხლის ექვსი თვე დარჩათ. დეპუტატი ედვარდსი აცხადებს, რომ „საქმე ბოლომდეა მისაყვანი“ და მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, პარლამენტის აქტით გათვალისწინებული იშვიათი მექანიზმი გამოიყენოს.
ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს თემთა პალატას, ლორდთა პალატის წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონი ძალაში შეიყვანოს, თუ დეპუტატები იდენტურ კანონპროექტს ზედიზედ ორ სესიაზე დაამტკიცებენ. ბოლო ასწლეულში ეს უფლება პარლამენტს მხოლოდ შვიდჯერ აქვს გამოყენებული.
„ჩვენ წესების დაცვით ვმოქმედებთ. თემთა პალატის მიერ მიღებულ კანონებს ლორდები სრულყოფენ, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, დაბლოკონ ჩვენი გადაწყვეტილება“, — განაცხადა ედვარდსმა BBC-სთან საუბარში. მისი თქმით, ის მზადაა ოპონენტებთან თანამშრომლობისთვის და გონივრული შესწორებების განსახილველად.
მიუხედავად ამისა, კრიტიკა არ წყდება. დეპუტატმა ეშლი დალტონმა აღნიშნა, რომ მთავრობის პრიორიტეტი ცხოვრების გაძვირებული პირობების გამოსწორება და ჯანდაცვის სისტემის (NHS) რეფორმა უნდა იყოს. მისი თქმით, ეს კანონპროექტი „დისკუსიის საგანია და მრავალ ხარვეზს შეიცავს“.
პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური პოზიცია აქვს, თუმცა მომავალი პრემიერობის კანდიდატები, მათ შორის ენდი ბერნემი, დამატებით პირობებს აყენებენ. ბერნემის განცხადებით, სანამ ევთანაზიის კანონი ამოქმედდება, აუცილებელია ჰოსპისების სისტემის სათანადო დაფინანსება, რათა პალიატიური ზრუნვა ქვეყანაში სათანადო დონეზე იყოს.
კონსერვატორების ლიდერმა კემი ბადენოხმა კი ლეიბორისტების ამ ნაბიჯს „უპასუხისმგებლო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის კრიზისულ პერიოდში ასეთი დამაპირისპირებელი საკითხების დღის წესრიგში დაყენება მიუღებელია.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.