დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფი სოლარიუმების რეკლამირების სრულ აკრძალვას ითხოვს. კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მომხმარებელთა მკაცრი ინფორმირება კანის კიბოს განვითარების რისკების შესახებ, რისთვისაც სავალდებულო გახდება გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება.

საფრთხეები და რისკები

სილამაზის ინდუსტრიის საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის კვლევის თანახმად, კანის კიბოს შემთხვევების უმეტესობა პრევენცირებადია. კვლევა აჩვენებს, რომ სოლარიუმით სარგებლობა 35 წლამდე ასაკში, ყველაზე სახიფათო ფორმის კიბოს განვითარების ალბათობას 60%-ით ზრდის.

Cancer Research UK-ის მონაცემებით, მელანომა დიდი ბრიტანეთში კიბოს ყველაზე გავრცელებულ ფორმებს შორის მეხუთე ადგილზეა და დღეში საშუალოდ შვიდ ადამიანს კლავს.

რას სთავაზობენ კანონმდებლები?

  • სოლარიუმების რეკლამირების სრული აკრძალვა;
  • თამბაქოს ნაწარმის მსგავსი გამაფრთხილებელი ვიზუალების განთავსება სალონებში;
  • სოლარიუმით სარგებლობის მინიმალური ასაკობრივი ზღვრის ყოველწლიური ზრდა;
  • მზისგან დამცავი საშუალებების (SPF) დღგ-სგან გათავისუფლება.

პარლამენტარები მიიჩნევენ, რომ მზისგან დამცავი კრემები კოსმეტიკურ პროდუქტად კი არა, ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ნივთად უნდა განიხილებოდეს. ამ ინიციატივამ შესაძლოა მათი ფასი საგრძნობლად შეამციროს.

განათლება და სოციალური მედია

კვლევა ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებაში არსებობს დეზინფორმაცია ულტრაიისფერი დასხივების შესახებ. სოციალურ ქსელებში, როგორიცაა TikTok და Instagram, ხშირად ვრცელდება მცდარი ცნობები, თითქოს სოლარიუმი აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას ან მკურნალობს კანის დაავადებებს.

დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობას, გამოიყენონ „ონლაინ უსაფრთხოების აქტი“ მავნე ინფორმაციის გავრცელების აღსაკვეთად. ასევე, იგეგმება პარიკმახერებისა და ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტების გადამზადება, რათა მათ შეძლონ კანზე საეჭვო ხალების დროული შემჩნევა.

სოლარიუმების ასოციაცია ამ ინიციატივებს ეწინააღმდეგება. მათი მტკიცებით, ინდუსტრია უკვე მკაცრად რეგულირდება და ის თამბაქოსთან გაიგივებას არ იმსახურებს. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ბრაზილიასა და ავსტრალიაში, სოლარიუმების კოსმეტიკური მიზნით გამოყენება უკვე აკრძალულია.