ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ნიურის სასამართლოში დემოკრატიული იუნიონისტური პარტიის (DUP) ყოფილი ლიდერის, სერ ჯეფრი დონალდსონის სექსუალური ძალადობის საქმეზე პროკურატურა არგუმენტების წარდგენას იწყებს. 63 წლის პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ წაყენებულ 18 ბრალდებას არ აღიარებს.
საქმეში ფიგურირებს გაუპატიურების ერთი ეპიზოდი, ოთხი შემთხვევა უხამს ქმედებებსა და 13 ბრალდება სექსუალური ხასიათის ძალადობასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მტკიცებით, დანაშაულები 1985-2008 წლებში ჩაიდინეს. საქმეში ორი სავარაუდო მსხვერპლი ფიგურირებს.
მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ პროცესი, სავარაუდოდ, სამიდან ოთხ კვირამდე გასტანს. ჯეფრი დონალდსონი და მისი მეუღლე, ლედი ელეანორ დონალდსონი, 2024 წლის 28 მარტს საკუთარ სახლში, ქაუნთი დაუნში დააკავეს.
დაკავების მომდევნო დღეს ჯეფრი დონალდსონმა პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა. მოგვიანებით, მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე ლაგან ველის ოლქში, რომელიც მანამდე მისი პოლიტიკური დასაყრდენი იყო.
ცალკე პროცესი ელოდება მის მეუღლეს, ლედი ელეანორ დონალდსონს. მას ბრალი ედება დანაშაულში თანამონაწილეობასა და ხელშეწყობაში. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლომ ის ჩვეულებრივ განხილვად უვარგისად ცნო, ამიტომ მის საქმეზე ე.წ. „ფაქტების სასამართლო“ (trial of the facts) გაიმართება.
„ფაქტების სასამართლოს“ სპეციფიკა ისაა, რომ ბრალდებული პროცესში პირდაპირ მონაწილეობას არ იღებს. ლედი დონალდსონი სამშაბათს სასამართლო სხდომაზე არ იმყოფებოდა. მან მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო.
სასამართლო პროცესი ნიურის სამეფო სასამართლოში სამშაბათს დაიწყო, როდესაც ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობა ოფიციალურად დაამტკიცეს. ამ საქმეს დიდი რეზონანსი მოჰყვა ბრიტანულ პოლიტიკურ წრეებში, რადგან დონალდსონი წლების განმავლობაში ჩრდილოეთ ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იყო.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.