ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურმა (MI5) გაავრცელა გაფრთხილება, რომლის თანახმად, ჩინეთის დაზვერვის აგენტები დასაქმების პოპულარულ პლატფორმებს სახელმწიფო მოხელეებისა და სამხედრო პირების შესატყუებლად იყენებენ. ოპერაცია მიზნად ისახავს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის მოპოვებას.

გაფრთხილება მომზადდა „ხუთი თვალის“ (Five Eyes) სადაზვერვო ალიანსის ფარგლებში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის უწყებებს აერთიანებს. აგენტები რეგისტრირდებიან LinkedIn-ზე, Indeed-სა და Upwork-ზე, სადაც თავს დამსაქმებლებად ან რეკრუტერებად ასაღებენ და ანალიტიკოსის პოზიციებზე ყალბ ვაკანსიებს აქვეყნებენ.

სქემა ასე მუშაობს: კანდიდატებს, რომლებიც დაინტერესდებიან ვაკანსიით, სთხოვენ „არასაჯარო“ ინფორმაციის გამჟღავნებას. აგენტები ატარებენ ვირტუალურ გასაუბრებებს, რათა დაადგინონ, აქვს თუ არა კანდიდატს წვდომა სამთავრობო კონტაქტებთან ან სამხედრო აქტივობებთან. საბოლოო ეტაპზე მათ სთხოვენ დაწერონ საცდელი ანგარიშები ჩინეთის საგარეო ურთიერთობების ან თავდაცვის საკითხებზე, რისთვისაც აგენტები ფულად ანაზღაურებას — ათას დოლარამდე თანხას — სხვადასხვა საგადახდო პლატფორმის მეშვეობით ურიცხავენ.

უსაფრთხოების მინისტრმა დენ ჯარვისმა ყველა სამთავრობო და სამხედრო პირს მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და მიჰყვნენ ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს რეკომენდაციებს ონლაინ-შეტევების გამოსავლენად. „ჩვენ მივიღეთ მტკიცე ზომები ქვეყნის დასაცავად და გავაგრძელებთ ბრძოლას მტრული ქმედებების წინააღმდეგ, მათ შორის ჩინეთის მხრიდან“, — განაცხადა ჯარვისმა.

ჩინეთის საელჩომ გაერთიანებულ სამეფოში ბრალდებები კატეგორიულად უარყო და მათ „მცდარი“ და „ბოროტი ცილისწამება“ უწოდა. საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, თავად „ხუთი თვალის“ ალიანსი არის „მსოფლიოს უდიდესი სადაზვერვო ორგანიზაცია, რომელიც თავად ეწევა ჯაშუშურ საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით“.

გასულ წელს ბრიტანეთმა სახელმწიფო ბიზნესში გამოყენებული დაშიფრული ტექნოლოგიების განახლებისთვის 170 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყო, რათა დაიცვას სისტემები ჩინური კიბერდანაშაულებისგან. ნოემბერში კი MI5-მა დააფიქსირა ორი LinkedIn-პროფილი, რომლებიც ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს სახელით მოქმედებდნენ.