ფეხბურთის სამყაროში უნიკალური და ამავდროულად ტრაგიკული შემთხვევა ფიქსირდება. ჰაიტის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ფრანგი სებასტიან მინიე, თავის გუნდს პირისპირ არასდროს შეხვედრია. მიუხედავად იმისა, რომ ის პოსტს ორი წელია იკავებს, ჰაიტიში ჩასვლას ვერ ახერხებს.
ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული უკიდურესად სახიფათო ვითარებაა. კუნძულზე კონტროლი შეიარაღებულ დაჯგუფებებს აქვთ აღებული, რის გამოც დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში ყოფნა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. მინიე აცხადებს, რომ ფეხბურთელები ტელეფონით გაიცნო, ხოლო მათი სათამაშო უნარების შეფასება ფედერაციის მიერ გამოგზავნილი ვიდეომასალებით უწევს.
კრიზისი და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობა
ჰაიტი 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ქაოსშია ჩაძირული. დედაქალაქში შეიარაღებული დაჯგუფებები დომინირებენ, ქუჩებში სროლა კი ყოველდღიური რეალობაა. უსაფრთხოების რისკების გამო, ქვეყანაში საერთაშორისო ფრენებიც შეწყვეტილია.
სიტუაციის სიმძიმეზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 2024 წელს შეიარაღებულმა პირებმა ორ ციხეზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც 4 000-მდე პატიმარი გაიქცა. ქვეყანა 2010 წლიდან დღემდე მილიონ 300 ათასზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.
პოლიტიკური ვაკუუმი და ტერორი
ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა უკიდურესი წნეხის ქვეშაა. პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მოკლეს, ხოლო პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი შეიარაღებული დაჯგუფებების ზეწოლის შედეგად 2024 წლის მარტში გადადგა. ამჟამინდელი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალიკს დიდიე დის-ემე უკვე იღებს მუქარებს დაჯგუფებების ლიდერებისგან.
გაეროს იარაღის ემბარგოს მიუხედავად, ქვეყანაში ნახევარ მილიონამდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღია. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2024 წელს სროლების შედეგად 5 600 ადამიანი დაიღუპა. დაჯგუფებები აკონტროლებენ საგზაო პუნქტებს, იტაცებენ ადამიანებს და ანადგურებენ ინფრასტრუქტურას.
„ჰაიტიში ჩასვლა გამორიცხულია, რადგან იქ ყველას სიცოცხლე საფრთხეშია. მე ჩვეულებრივ ვცდილობ იმ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომელსაც ვწვრთნი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს შეუძლებელია“, - აცხადებს მინიე.
ამ ფონზე, ჰაიტის ნაკრების წარმატება შესარჩევ ეტაპზე, სადაც მათ კოსტა რიკას, ჰონდურასისა და ნიკარაგუას აჯობეს, ნამდვილ ფენომენად განიხილება. ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი ფეხბურთი ამჟამად მეასეხარისხოვანია – მათი მთავარი საზრუნავი გადარჩენაა.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.