ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ესეების წერა, რთული მათემატიკური ამოცანების გადაჭრა და პროგრამირება შეუძლიათ, თუმცა ახალი კვლევა ადასტურებს, რომ მათ ყოველდღიურ ადამიანურ ფუნქციებთან დაკავშირებით სერიოზული შეფერხებები აქვთ. საუბარია ყურადღების კონცენტრაციაზე მაშინ, როდესაც გარემო ფაქტორები ყურადღების გაფანტვას ცდილობენ.
სუკეტუ პატელის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში, მეცნიერებმა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მოდელები კლასიკური ფსიქოლოგიური ტესტის, ე.წ. „სტროპის ტესტის“ (Stroop task) მეშვეობით შეამოწმეს. ეს ტესტი ათწლეულებია გამოიყენება ყურადღების, კონცენტრაციისა და თვითკონტროლის შესასწავლად.
რა არის სტროპის ტესტი?
ტესტის არსი მარტივია: მონაწილეს უჩვენებენ ფერის აღმნიშვნელ სიტყვებს (მაგალითად, „წითელი“, „ლურჯი“), რომლებიც განსხვავებული ფერის მელნით არის დაწერილი. გამოცდის მიზანია, ადამიანმა დაასახელოს მელნის ფერი და არა წაიკითხოს თავად სიტყვა. ეს ქმედება ტვინისგან მოითხოვს ავტომატური რეაქციის შეკავებას და ფოკუსირებას.
ფსიქოლოგები ამ მეთოდს ე.წ. „აღმასრულებელი კონტროლის“ გასაზომად იყენებენ. ეს არის მენტალური პროცესების ერთობლიობა, რომელიც ადამიანს ეხმარება, გაუმკლავდეს ყურადღების გამფანტველ ფაქტორებს და მიზანზე კონცენტრირდეს.
AI-ს ყურადღების დეფიციტი
კვლევაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მოდელები, როგორებიცაა GPT-4o, Claude 3.5 Sonnet და Gemini 2.5. როდესაც მათ ხუთსიტყვიანი სიები მიაწოდეს, სისტემებმა კარგი შედეგი აჩვენეს. თუმცა, სიების გაზრდასთან ერთად, მათი ეფექტურობა მკვეთრად შემცირდა.
მაგალითად, GPT-4o-ს სიზუსტე ხუთსიტყვიან სიაში 91%-ს შეადგენდა, 40-სიტყვიან სიაში კი ეს მაჩვენებელი 15%-მდე დაეცა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა Claude-სა და Gemini-ს მოდელებშიც. კვლევამ აჩვენა, რომ AI მოდელები ვერ ახერხებენ მიღებული ინსტრუქციის შენარჩუნებას და ხშირად უბრუნდებიან წაკითხვის ავტომატურ რეჟიმს, რაც მათთვის უფრო ნაცნობი ნიმუშია.
ეს შედეგები მიუთითებს ფუნდამენტურ განსხვავებაზე ადამიანურ და ხელოვნურ ინტელექტს შორის. მიუხედავად იმისა, რომ AI-ს შეუძლია ბაძავდეს ადამიანურ აზროვნებას, მისი ყურადღების მექანიზმები რადიკალურად განსხვავდება ბიოლოგიური ტვინის პროცესებისგან. ეს კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიებსაც კი აქვთ ლიმიტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჭიროა ყურადღების ხანგრძლივი კონცენტრაცია.






დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.