ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა, „სერნ აბასის გიგანტი“, საფრთხეშია. დორსეტის გორაკზე გამოსახული 55-მეტრიანი კირქვის ფიგურა, რომელიც მრავალი საუკუნეა უცვლელი რჩება, კლიმატის ცვლილების შედეგად დაზიანებას განიცდის.

National Trust-ის წარმომადგენლების თქმით, ბოლო წლებში შეცვლილმა ამინდმა ფიგურის კონტურების დაბინდვა გამოიწვია. ძლიერი ზამთრის წვიმები კირს ფერდობიდან რეცხავს, ხოლო ნოტიო გარემო ხავსისა და წყალმცენარეების ზრდას უწყობს ხელს, რაც გიგანტის თეთრ ფერსა და მკაფიო ხაზებს აფერმკრთალებს.

რესტავრაცია ტრადიციული მეთოდებით

ფიგურის პირვანდელი სახის აღსადგენად, ორგანიზაციამ 300-მდე მოხალისე და თანამშრომელი გააერთიანა. ისინი 15 დღის განმავლობაში, ხელით გადაიტანენ 17 ტონა ახალ კირს ციცაბო ფერდობზე, რომლის დახრილობა ზოგან სამიდან ერთს უტოლდება. ეს პროცესი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ შეუცვლია ფორმა, ფიზიკურად საკმაოდ რთული აღმოჩნდა ბრიტანეთში დაფიქსირებული ბოლო დღეების მაღალი ტემპერატურის ფონზე.

National Trust-ის რეინჯერის, ლუკ დოუსონის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მოვლენების კლიმატის ცვლილებასთან პირდაპირ დაკავშირება რთულია, დაკვირვება ცხადყოფს, რომ ამინდის პირობები საგრძნობლად შეიცვალა. შედეგად, გიგანტს ყოველ ათწლეულში ერთხელ ჩატარებული რესტავრაცია აღარ ჰყოფნის და მას უფრო ხშირი მოვლა სჭირდება.

ვინ არის „გიგანტი“?

55-მეტრიანი ფიგურის წარმომავლობა ათწლეულების განმავლობაში ისტორიკოსთა კამათის საგანია. ზოგიერთი მკვლევარი მას ძველ ნაყოფიერების სიმბოლოდ მიიჩნევს, სხვები — რომაულ ჰერკულესად, ან ოლივერ კრომველის სატირულ გამოსახულებად. 2021 წელს ჩატარებულმა სედიმენტურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ფიგურა სავარაუდოდ საქსების პერიოდში, 700-დან 1100 წლამდე პერიოდშია შექმნილი.

2024 წლის ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ კი ახალი ვერსია წამოწია: შესაძლოა, ფიგურა ჰერკულესს განასახიერებს და დასავლეთ საქსონიის არმიების შეკრების ადგილს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ადგილობრივი მონასტრის ბერებმა ის წმინდა ედვოლდთან გააიგივეს.

გარემოს დაცვა და მომავალი

სარესტავრაციო სამუშაოების პარალელურად, National Trust-მა 330 000 ფუნტი სტერლინგი შეაგროვა, რათა გიგანტის გარშემო 138 ჰექტარი მიწა შეეძინა. ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია არქეოლოგიური კვლევებისთვის და იშვიათი სახეობების, მათ შორის „დიუკ ოფ ბურგუნდის“ პეპლის ჰაბიტატის დასაცავად.