კანადელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დედამიწის წიაღში არსებული უძველესი ქანები ბუნებრივად გამოყოფენ წყალბადს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ჩვენს პლანეტას სუფთა ენერგიის უზარმაზარი, ჯერ კიდევ აუთვისებელი რეზერვები გააჩნია.

კვლევა, რომელიც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა, ტორონტოსა და ოტავას უნივერსიტეტების მეცნიერებმა ჩაატარეს. მათ ყურადღება გაამახვილეს „კანადის ფარზე“ — პლანეტის ერთ-ერთ უძველეს გეოლოგიურ რეგიონზე.

წყალბადის მოპოვება მაღაროებიდან

მკვლევრებმა მონაცემები ონტარიოს პროვინციაში, ქალაქ ტიმინსთან მდებარე აქტიური მაღაროდან შეაგროვეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ქანებში გაბურღული ჭაბურღილებიდან წელიწადში საშუალოდ 8 კილოგრამი წყალბადი გამოიყოფა. ეს მაჩვენებელი, ერთი შეხედვით მცირეა, თუმცა სისტემური მიდგომით მასშტაბები იზრდება.

მაღაროს ტერიტორიაზე არსებული 15 000-მდე ჭაბურღილის ჯამური გამონთავისუფლება წელიწადში 140 ტონას აღემატება. მეცნიერთა გათვლებით, ეს რაოდენობა საკმარისია 4,7 მილიონი კილოვატი ენერგიის გენერირებისთვის, რაც 400-ზე მეტი სახლის წლიურ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

დღეს მსოფლიო წყალბადის ეკონომიკა დაახლოებით 135 მილიარდ დოლარს შეადგენს. წყალბადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასუქების წარმოებისთვის, მეტალურგიისა და ქიმიური მრეწველობისთვის. თუმცა, მისი წარმოება ამჟამად წიაღისეულ საწვავზეა დამოკიდებული, რაც დიდი რაოდენობით CO2-ის გამოყოფას იწვევს.

„მწვანე წყალბადი“, რომელიც განახლებადი ენერგიით მიიღება, ჯერჯერობით ძვირადღირებულია. ბუნებრივი, ანუ ე.წ. „თეთრი“ წყალბადი კი შესაძლოა აღმოჩნდეს გაცილებით იაფი და ეფექტური ალტერნატივა. ეს რესურსი პირდაპირ ქანებსა და მიწისქვეშა წყლებს შორის მიმდინარე ქიმიური რეაქციების შედეგად წარმოიქმნება.

პერსპექტივა სამთო მრეწველობისთვის

კვლევის თანაავტორის, ოლივერ უარის თქმით, წყალბადის ბუნებრივი საბადოები ხშირად ემთხვევა კანადის არსებულ სამთო-მომპოვებელ ობიექტებს. ეს ნიშნავს, რომ წყალბადის მოპოვება შესაძლებელია იმავე ინფრასტრუქტურის გამოყენებით, სადაც უკვე ხდება ნიკელის, სპილენძისა და ლითიუმის მოპოვება.

ეს მიდგომა ამცირებს ტრანსპორტირებისა და შენახვის ხარჯებს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს აღმოჩენა დაეხმარება ჩრდილოეთის იზოლირებულ თემებსაც, შეამცირონ დამოკიდებულება იმპორტირებულ საწვავზე და მიიღონ ადგილობრივი, იაფი ენერგია.