კოლაგენი თანამედროვე ველნეს-ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. მას რეკლამას უწევენ როგორც კანის გაახალგაზრდავების, ისე სახსრების გაძლიერებისა და სპორტული ფორმის გაუმჯობესების საშუალებად. თუმცა, Aesthetic Surgery Journal Open Forum-ში გამოქვეყნებული ახალი, მასშტაბური კვლევა ამ პრეტენზიების ნაწილს უსვამს წერტილს.


ინგლისის რასკინის უნივერსიტეტის (ARU) მეცნიერებმა 8 000-მდე მონაწილის მონაცემები შეაჯამეს. მათ გააერთიანეს 16 სისტემური მიმოხილვა და 113 რანდომიზებული კონტროლირებადი ცდა. შედეგად, ეს არის პირველი ინტეგრირებული მეტა-ანალიზი, რომელიც კოლაგენის მოხმარების ყველა ძირითად ასპექტს მოიცავს.

რა შემთხვევაშია კოლაგენი ეფექტური?

კვლევამ დაადასტურა, რომ კოლაგენის დანამატები ხელშესახებ სარგებელს მოაქვს კანის ჯანმრთელობისთვის. რეგულარული მიღება აუმჯობესებს კანის ელასტიურობასა და დატენიანებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხანგრძლივი კურსი ამცირებს ტკივილსა და შებოჭილობას ოსტეოართრიტის მქონე პაციენტებში.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კოლაგენი ასევე ზომიერად აუმჯობესებს კუნთოვანი მასის სტრუქტურასა და მყესების მდგომარეობას, რაც ჯანსაღი დაბერების პროცესში დადებით როლს თამაშობს. თუმცა, შედეგები უფრო ზომიერია და არა რადიკალური.

მითები სპორტულ მიღწევებზე

მიუხედავად იმისა, რომ კოლაგენს ხშირად ურჩევენ სპორტსმენებს, კვლევამ ამ მიმართულებით მტკიცებულებები ვერ იპოვა. არ არსებობს მონაცემები, რომ კოლაგენი აჩქარებს კუნთების აღდგენას ვარჯიშის შემდეგ, ამცირებს კუნთების ტკივილს ან აუმჯობესებს მყესების მექანიკურ თვისებებს. ავტორები აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ დანამატი არ არის სპორტული შედეგების სწრაფი გაუმჯობესების გზა.



მეტაბოლური ჯანმრთელობის, პირის ღრუს ჰიგიენისა და ქოლესტერინის მაჩვენებლებზე კოლაგენის ზეგავლენა კვლავ ბუნდოვანი რჩება. არსებული მონაცემები წინააღმდეგობრივია და არ იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების საშუალებას.


მომავალი კვლევების საჭიროება

პროფესორ ლი სმიტის განცხადებით, კოლაგენი არ არის „ჯადოსნური წამალი“, თუმცა მას აქვს სერიოზული სარგებელი, თუ ის სწორად და ხანგრძლივად გამოიყენება. მეცნიერები მოითხოვენ უფრო მაღალი ხარისხის კლინიკურ ცდებს, რათა დადგინდეს ოპტიმალური დოზირება და კოლაგენის სხვადასხვა წყაროს შორის განსხვავებები.