ტაივანის ჩრდილოეთით, კელუნგის სანაპირო წყლებში, მეცნიერებმა ზღვის მოლუსკის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს. სამი მილიმეტრის სიგრძის არსება, რომელიც ვიზუალურად სეზამის მარცვალს წააგავს, ოფიციალურად Thecacera sesama-დ მოინათლა.

შემთხვევითი აღმოჩენა

ახალი სახეობის პოვნა სტუდენტ ჰო-იუნგ ჩანის სახელს უკავშირდება. 2019 წელს, რეკრეაციული დაივინგის დროს, მან უცნაური, შავ-ყვითელი შეფერილობის არსება შენიშნა. მაშინ ახალგაზრდა მკვლევარმა არ იცოდა, რომ მეცნიერებისთვის უცნობ სახეობას მიაგნო. სიმართლე მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა, რაც Facebook-ის მეშვეობით ზღვის მოლუსკების ექსპერტს, სინი ლინს დაუკავშირდა.

რთული საველე პირობები

Thecacera sesama-ს შესწავლა მკვლევრებისთვის დიდ გამოწვევად იქცა. ტაივანის ჩრდილოეთ სანაპიროზე არსებული ბუნებრივი პირობები კვლევებისთვის მხოლოდ ოთხთვიან ფანჯარას ტოვებს. ზაფხულობით ტაიფუნები, ხოლო ზამთარში მუსონები და 16 გრადუსამდე გაციებული წყალი დაივინგს პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ტაივანის ეროვნული ოკეანოგრაფიული უნივერსიტეტისა და ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლებისგან შედგება, აღნიშნა, რომ ასეთი პატარა არსებების პოვნა დიდწილად იღბალზეა დამოკიდებული.

ცხოვრების წესი და მნიშვნელობა

მკვლევრების დაკვირვებით, მოლუსკი თავის სასიცოცხლო ციკლს ოთხ მთავარ აქტივობას უთმობს: კვებას, ძიებას, შეწყვილებას და კვერცხების დადებას. საინტერესოა, რომ Thecacera sesama ბინადრობს ე.წ. „ხავსიან ცხოველებზე“ (bryozoans), რომლებიც შესაძლოა თავადაც მეცნიერებისთვის უცნობი სახეობები იყვნენ.

სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად მათი მინიატურული ზომისა, ზღვის მოლუსკები საზღვაო კვებითი ჯაჭვის უმნიშვნელოვანესი რგოლები არიან. Thecacera sesama-ს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკეანეები ჯერ კიდევ მალავენ ბიომრავალფეროვნების უამრავ საიდუმლოს, რომლებიც ადამიანის თვალს მიღმა რჩება.

კვლევა ოფიციალურად გამოქვეყნდა ჟურნალ ZooKeys-ში 2026 წლის 11 მაისს.