ოკეანის ყველაზე ღრმა წერტილებში სიცოცხლის არსებობის შესახებ ახალი მტკიცებულებები მოიპოვეს. დასავლეთ ავსტრალიისა და ტოკიოს საზღვაო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრებმა იაპონიის სანაპიროსთან მდებარე ღრმაწყლოვან თხრილებში 8 336 მეტრის სიღრმეზე თევზი დააფიქსირეს. კადრები გასული წლის სექტემბერში, სპეციალური რობოტების მეშვეობით გადაიღეს.

რეკორდული სიღრმე და კვლევის დეტალები

აქამდე არსებული რეკორდი 2008 წელს დაფიქსირდა, როდესაც თევზი 7 703 მეტრის სიღრმეზე შენიშნეს. ახალი აღმოჩენა ადასტურებს, რომ ზღვის ბინადართა გარკვეული სახეობები გაცილებით დაბალ დონეზე გადარჩენას ახერხებენ. ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ალან ჯემისონის თქმით, ეს კვლევა 10-წლიანი პროექტის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ღრმაწყლოვან პოპულაციებს სწავლობს.

გარდა გადაღებისა, მეცნიერებმა სხვა ნიმუშების მოპოვებაც შეძლეს. კერძოდ, 8 022 მეტრის სიღრმეზე დაიჭირეს ორი თევზი, რაც 8 000 მეტრზე დაბლა თევზის დაჭერის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ნიმუშები Pseudoliparis belyaevi-ს სახეობას განეკუთვნება.

რა ეხმარება მათ გადარჩენაში?

ღრმაწყლოვანი თევზები, კერძოდ Liparidae-ს ოჯახის წარმომადგენლები, ექსტრემალურ პირობებს განსაკუთრებული ფიზიკური მახასიათებლებით უმკლავდებიან. მათ აქვთ გამჭვირვალე სხეული და ძალიან პატარა თვალები. მეცნიერების დაკვირვებით, მათ არ გააჩნიათ საცურავი ბუშტი, რაც სხვა თევზებს ზედაპირზე ტივტივში ეხმარება, თუმცა ამ შემთხვევაში, ეს მახასიათებელი ზეწოლასთან გამკლავების უნარს აძლიერებს.

პროფესორი ჯემისონი აღნიშნავს, რომ იაპონიის, იზუ-ოგასავარასა და რიუკიუს თხრილები სიცოცხლისთვის საკმაოდ აქტიური ზონაა. წყნარი ოკეანის თბილი სამხრეთული დინება ზღვის არსებებს სიღრმეში გადასვლისკენ უბიძგებს, ხოლო საკვების სიმრავლე ფსკერზე არსებულ პოპულაციებს გადარჩენის გარანტიას აძლევს.

ახალგაზრდა თევზები ხშირად მაქსიმალურად დიდ სიღრმეზე რჩებიან, რათა თავი აარიდონ უფრო ზედაპირულ წყლებში მობინადრე მტაცებლებს.

კვლევის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ფინანსებია. თითოეული ავტომატური რობოტის აწყობა და ექსპლუატაცია დაახლოებით 200 000 დოლარი ჯდება. მეცნიერები აცხადებენ, რომ ტექნოლოგიური სირთულეების მიუხედავად, ოკეანის უფსკრულის საიდუმლოებების ამოხსნა მომავალშიც გაგრძელდება.