დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთა ჯგუფი, კლიმატის ცვლილების კომიტეტი (CCC), აცხადებს, რომ ქვეყანამ სამუშაო ადგილებზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კანონით უნდა დაარეგულიროს. გადაწყვეტილება კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული გახშირებული და ინტენსიური სიცხეების ტალღებს უკავშირდება.

კომიტეტის წევრები აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთი აშენდა კლიმატისთვის, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს. გასული წელი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თბილი იყო, რასაც წინ უძღოდა რეკორდულად ნოტიო ზამთარი და მასშტაბური წყალდიდობები. ექსპერტების თქმით, ეს ორმაგი საფრთხე — ზაფხულის გვალვები და ზამთრის წყალდიდობები — ბრიტანული ცხოვრების წესს სერიოზულ გამოწვევას უქმნის.

რატომ არის საჭირო რეგულაცია?

ბარონესა ბრაუნის, CCC-ის ადაპტაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მაღალი ტემპერატურა პირდაპირ აისახება შრომის ნაყოფიერებაზე. სიცხის დროს ადამიანები უფრო მეტ შეცდომას უშვებენ, რაც უბედური შემთხვევების რისკს ზრდის.

კომიტეტი არ ასახელებს კონკრეტულ ციფრს, თუმცა ესპანეთის მაგალითს იშველიებს. იქ დახურულ სივრცეში, მჯდომარე სამუშაოსთვის, მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა 27 გრადუსია, ხოლო მსუბუქი ფიზიკური აქტივობისას — 25 გრადუსი.

პრიორიტეტები და ხარჯები

ექსპერტები მთავრობას მოუწოდებენ, სკოლებსა და საავადმყოფოებში გაგრილების სისტემების (მათ შორის, კონდიციონერებისა და თბური ტუმბოების) დამონტაჟება პრიორიტეტად აქციონ. მათი შეფასებით, კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაცია წელიწადში დაახლოებით 11 მილიარდ ფუნტ სტერლინგს მოითხოვს.

ბარონესა ბრაუნი აღნიშნავს: „ეს არ არის რთული მეცნიერება. ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ჯერ არ გვინახავს მთავრობა, რომელიც მზად იქნება, პრიორიტეტი მიანიჭოს მოსახლეობის დაცვას კლიმატური ცვლილებებისგან.“

მთავრობის პასუხი, გარემოს დაცვის მინისტრ ემა რეინოლდსის თქმით, იქნება კომიტეტის რეკომენდაციების საფუძვლიანი განხილვა. მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა უკვე მუშაობს წყალდიდობების საწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაზე.

კომიტეტის გათვლებით, წინასწარი ინვესტიციები გრძელვადიან პერსპექტივაში ათობით მილიარდ ფუნტს დააზოგავს, რაც გაცილებით მომგებიანია, ვიდრე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.