თანამედროვე ადამიანისთვის ქრონიკული დაღლილობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და დასვენებისთვის მცირე დრო ხშირად იწვევს გამოფიტვის შეგრძნებას. თუმცა, ოსაკას მეტროპოლიტენის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა პროფესორ ჰიროაკი კანოუჩის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ პრობლემა შესაძლოა კვების რაციონში იმალებოდეს.

კვლევა ფოკუსირებული იყო ორ მნიშვნელოვან ნუტრიენტზე: ფოლიუმის მჟავასა (B9) და ვიტამინ B12-ზე. ეს ვიტამინები არეგულირებენ ჰომოცისტეინს — ნივთიერებას, რომლის კონცენტრაციაც სისხლში სწორედ მათი დეფიციტის დროს იმატებს.

კვლევის მეთოდოლოგია

მეცნიერებმა 600 ჯანმრთელი იაპონელი ზრდასრულის მონაცემები შეისწავლეს. მონაწილეებს ჩაუტარდათ სისხლის ანალიზი ჰომოცისტეინის, ფოლიუმის მჟავისა და B12 ვიტამინის დონის დასადგენად. დაღლილობისა და მოტივაციის დონის შესაფასებლად კი გამოიყენეს Chalder-ის დაღლილობის სკალა და ვიზუალურ-ანალოგური შკალა.

შედეგებმა აჩვენა, რომ ჰომოცისტეინის მაღალი მაჩვენებლები თანაბრად უკავშირდება დაბალი შემცველობის ვიტამინებს, სქესის მიუხედავად. თუმცა, კვლევის ავტორებმა საინტერესო განსხვავება დააფიქსირეს სქესის მიხედვით სიმპტომების გამოვლენაში.

რა გავლენა აქვს ჰომოცისტეინს?

  • მამაკაცებში: ჰომოცისტეინის მაღალი დონე პირდაპირ კავშირშია ფიზიკური დაღლილობის შეგრძნებასთან.
  • ქალებში: ჰომოცისტეინის მომატება ნეგატიურად აისახება მოტივაციის დონეზე.

კვლევისას გათვალისწინებული იყო ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა ასაკი, ძილის ხანგრძლივობა, სამუშაო დატვირთვა და კვების ჩვევები. შედეგები უცვლელი დარჩა.

მნიშვნელოვანი აღმოჩენა

პროფესორ კანოუჩის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯანმრთელ ადამიანებში ვიტამინების დეფიციტსა და დაღლილობას შორის ასეთი პირდაპირი კავშირი დასტურდება. აქამდე ჰომოცისტეინის მაღალი დონე ძირითადად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან და დემენციასთან ასოცირდებოდა.

„ჩვენი დასკვნები მიუთითებს, რომ აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ დაღლილობასა და მოტივაციას. ჰომოცისტეინის მატების თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის დეფიციტის პრევენცია. დაბალანსებული კვება ყოველდღიურ რეჟიმში ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია“, — აცხადებს მეცნიერი.