2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში ურუგვაის ნაკრებმა საუდის არაბეთთან ქულები გაიყო. შეხვედრა, რომელიც ფავორიტი გუნდის გამარჯვებას უნდა მოჰყოლოდა, ფრედ 1:1 დასრულდა. ურუგვაელებს ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მე-80 წუთზე მოუხდათ.
მარსელო ბიელსამ მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე პირდაპირ აღნიშნა, რომ გუნდმა დასახული მიზანი ვერ შეასრულა. არგენტინელი სპეციალისტი განსაკუთრებით უკმაყოფილო იყო შეხვედრის საწყისი მონაკვეთით.
„ჩვენ ვეთამაშებოდით მეტოქეს, რომელიც აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. პირველ ტაიმში გუნდი თამაშიდან ამოვარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერს სწორად არ ვაკეთებდით. ეს იყო უღიმღამო ფეხბურთი — პრესინგის, დინამიკისა და სიღრმის გარეშე“, — განაცხადა ბიელსამ.
მწვრთნელის თქმით, მეორე ტაიმში განხორციელებულმა ცვლილებებმა თამაშის სურათი შეცვალა. მოედანზე შესულმა სანაბრიამ და კანობიომ გუნდს საჭირო მობილურობა შესძინეს, რაც პირველ ნახევარში აშკარად აკლდათ. ბიელსას შეფასებით, გუნდმა ორი სრულიად განსხვავებული ტაიმი ითამაშა.
გუნდის კაპიტანმა, ფედე ვალვერდემ, წარუმატებელი სტარტი ნერვიულობით ახსნა. მისი თქმით, ტურნირის დებიუტი გუნდისთვის ფსიქოლოგიურად რთული აღმოჩნდა.
„მეორე ტაიმში განწყობასა და ინტენსივობას მოვუმატეთ. დებიუტმა და ნერვიულობამ ჩვენ წინააღმდეგ ითამაშა. მეორე ნახევარში უკეთესად ავთამაშდით და შევასრულეთ ის, რასაც მწვრთნელი ითხოვდა“, — აღნიშნა ვალვერდემ.
ურუგვაის კაპიტანმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომელთა მხარდაჭერამაც გუნდს ბოლო წუთებზე ენერგია შემატა. ნაკრები მომდევნო მატჩისთვის აქტიურ მზადებას იწყებს.
ამ დროისთვის, ჯგუფში ყველა გუნდს თითო ქულა აქვს. მომდევნო ტურში ურუგვაი კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება, ხოლო საუდის არაბეთი ესპანეთის ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობას.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.