ინდიანა ფევერის სუპერვარსკვლავმა, კეიტლინ კლარკმა, გულშემატკივრების მოლოდინი დაასრულა და ოფიციალურად წარადგინა თავისი პირველი სახელობითი კროსოვერი — Caitlin 1. სპორტსმენმა აღნიშნა, რომ ეს პროცესი მისთვის მუსიკალური ალბომის დებიუტს ჰგავს, სადაც თითოეულ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კლარკი გახდა WNBA-ის მეხუთე მოქმედი კალათბურთელი, რომელსაც წამყვან ბრენდთან საკუთარი სახელობითი მოდელი აქვს. ის უერთდება ისეთ კალათბურთელებს, როგორებიც არიან ენჯელ რისი, ბრიანა სტიუარტი, საბრინა იონესკუ და ეიჯა უილსონი.

კროსოვერის შექმნის პროცესში კლარკი აქტიურად იყო ჩართული. მან Nike-ის ლაბორატორიაში მუშაობისას არაერთი „Easter egg“ ანუ ფარული დეტალი დაამატა, რომლებიც მისი ცხოვრებისა და კარიერული გზის სხვადასხვა ეპიზოდს უკავშირდება. მაგალითად, ძირზე დატანილია წარწერები: „Shoot More Threes“, „From Anywhere“ და „It was never a long shot“.

ტექნოლოგია და დიზაინი

Caitlin 1 იყენებს Nike-ის ახალ ტექნოლოგიას Opticast, რომელიც შექმნილია მოძრაობისას წინააღმდეგობის შესამცირებლად და მოედანზე მანევრირების გასაუმჯობესებლად. კლარკის თქმით, დიზაინის მიზანი იყო ისეთი ფეხსაცმლის შექმნა, რომელიც ვიზუალურად გამორჩეული იქნებოდა და ამავდროულად, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კომფორტული იქნებოდა.

დიზაინერებმა ფეხსაცმლის გვერდებზე დაიტანეს ლოგოები, რომლებიც ვიზუალურად კალათბურთელის ინიციალებს იმეორებს. გარეთა ნაწილი ასო „C“-ს, ხოლო შიგნითა მხარე ციფრ „2“-ს ჰგავს, რაც კლარკის მაისურის ნომერს, 22-ს მიანიშნებს.

ფასები და ხელმისაწვდომობა

კროსოვერი გაყიდვაში ოქტომბერში ჩაეშვება. ჩრდილოეთ ამერიკაში მისი ფასი 140 აშშ დოლარი იქნება, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში — 135 დოლარი. კოლექციასთან ერთად, Nike 18-ნაწილიან სამოსის ხაზსაც უშვებს, რომელიც სპორტულ შესრულებასა და ყოველდღიურ სტილს აერთიანებს.

„ბავშვობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი სახელობითი კროსოვერი მექნებოდა“, — განაცხადა კლარკმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ეს მოდელი არა მხოლოდ სპორტული ინვენტარი, არამედ მომავალი თაობის ინსპირაციის საშუალებაა.