Nike-მა ოფიციალურად წარადგინა კალათბურთის ვარსკვლავის, ქეითლინ კლარკის პირველი საკუთარი ფეხსაცმელი, სახელწოდებით „Caitlin 1“. მოდელი მუქი ლურჯი ფერისაა და აღჭურვილია სპეციალური ტექნოლოგიით, რომელიც მოძრაობისას წინააღმდეგობის შემცირებასა და ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ფეხსაცმელებთან ერთად ბაზარზე 18-ნაწილიანი სამოსის კოლექციაც გამოვა. პროდუქციის გაყიდვები პირველი ოქტომბრიდან დაიწყება, თუმცა შესაძლოა, კლარკმა „ინდიანა ფევერის“ თამაშებზე მისი გამოყენება გაცილებით ადრე დაიწყოს.
კლარკის თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მომავალი თაობის შთაგონებაა. „თუ ეს ფეხსაცმელი თუნდაც ერთ ბავშვს უბიძგებს, უფრო მეტი ივარჯიშოს ან შეაყვაროს კალათბურთი, ეს უკვე განსაკუთრებულია“, — აღნიშნა კალათბურთელმა.
რატომ დააგვიანა Nike-მა?
მიუხედავად იმისა, რომ კლარკი Nike-თან კონტრაქტს ჯერ კიდევ 2022 წელს მოაწერა ხელი, კომპანიამ მისი ბრენდირება მოულოდნელად შეანელა. 2024 წლის აპრილში მხარეებმა 8-წლიანი და 28-მილიონიანი შეთანხმება გააფორმეს, თუმცა მანამდე სპორტსმენი მარკეტინგული კამპანიების მიღმა რჩებოდა.
ცნობილი სპორტული აგენტი სონი ვაკარო, რომელმაც 1984 წელს მაიკლ ჯორდანის Nike-თან გაფორმებას შეუწყო ხელი, ამ ფაქტს „ერთ-ერთ უდიდეს მარკეტინგულ მარცხს“ უწოდებს. მისი თქმით, კლარკი WNBA-ში შესვლისთანავე უკვე იყო ცნობადი სახე, რამაც კომპანიის მხრიდან პასიურობა გაუგებარს ხდის.
ფინანსური კრიზისი და სტრატეგიული შეცდომები
Nike-ის აქციები 2021 წლის შემდეგ 70%-ით დაეცა, რაც დაახლოებით 200 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის დაკარგვას ნიშნავს. 2025 ფისკალურ წელს კომპანიის შემოსავალი 10%-ით შემცირდა, რის ფონზეც 2000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
ანალიტიკოსების აზრით, Nike-ის პრობლემები მხოლოდ კლარკის არასათანადო გამოყენებას არ უკავშირდება. კომპანია განიცდის ინოვაციების ნაკლებობას და კონკურენციას ისეთი ახალი ბრენდებისგან, როგორიცაა On და Hoka. ამასთან, ჩინურ ბაზარზე Nike პოზიციებს თმობს ადგილობრივ მწარმოებლებთან.
მიუხედავად იმისა, რომ Nike კლარკს მილიონებს უხდიდა, მას არ ჰქონდა საკუთარი კოლექცია, მაშინ როცა Wilson-ის მიერ გამოშვებული კლარკის სახელობის ბურთები ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მაიკლ ჯორდანის შემდეგ.
ახლა კომპანია „Win Now“ სტრატეგიით ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას. კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდა ამას ოთხი წელი, კომპანია ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.







დისკუსია
0 კომენტარი
ჯერ კომენტარი არ არის — იყავი პირველი.