ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა. სია ისტორიული აღმოჩნდა: „ფურია როხას“ განაცხადში „რეალ მადრიდის“ არცერთი ფეხბურთელი არ მოხვდა, რაც ესპანური ფეხბურთისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.

„კლუბებს არ ვუყურებ“

მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა, რომ ნაკრების დაკომპლექტებისას გეოგრაფიულ ან საკლუბო მიკერძოებულობას ადგილი არ აქვს. მისი თქმით, ის მხოლოდ ეროვნული გუნდის ინტერესებს ითვალისწინებს.

„მე ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და არ მაინტერესებს, ფეხბურთელები რა კლუბებიდან მოდიან. ჩემი მიზანია, ბიჭებმა ესპანეთის ნაკრების ღირსების დაცვით იამაყონ“, — აღნიშნა დე ლა ფუენტემ.

კარვახალი, მორატა და ახალი თაობა

განაცხადს მიღმა დარჩენილ ვეტერანებზე საუბრისას დე ლა ფუენტემ ხაზი გაუსვა დანი კარვახალისა და ალვარო მორატას დამსახურებას. მან აღნიშნა, რომ მათ გუნდში „წარუშლელი მემკვიდრეობა“ დატოვეს.

ამავდროულად, მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ნაკრების კარი არავისთვისაა დახურული. მიუხედავად ამისა, გუნდში რჩება ლიდერთა ახალი თაობა, რომელიც მზადაა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

მზადება და ფავორიტის სტატუსი

მწვრთნელმა ისაუბრა ლამინ იამალის მდგომარეობაზეც. მისი თქმით, კლუბებთან მუდმივი კოორდინაცია მიმდინარეობს და ზედმეტ რისკს არ მიმართავენ, თუმცა ფეხბურთელი მზადაა აუცილებლობის შემთხვევაში მოედანზე გამოვიდეს.

„ვგრძნობთ თუ არა თავს ტურნირის ფავორიტად? კი. შეგვიძლია თუ არა მსოფლიოს მოგება? კი, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამაში ვინმეს ეჭვი არ უნდა შეეპაროს“, — განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.

ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის H ჯგუფში ასპარეზობს. მათი მეტოქეები კაბო-ვერდე, საუდის არაბეთი და ურუგვაი იქნებიან. გუნდი პირველ შეხვედრას 15 ივნისს გამართავს.